პრემიერი ზაზა გახელაძის ოჯახს შეხვდა

პუბლიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ცხინვალში პატიმრობაში მყოფი ზაზა გახელაძის ოჯახის წევრებს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პრემიერი გახელაძის ოჯახს მის გასათავისუფლებლად ცენტრალური ხელისუფლების მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე ესაუბრა.

„მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ცენტრალური ხელისუფლება იყენებს მის ხელთ არსებულ ყველა ბერკეტს ზაზა გახელაძის დაუყონებლივ გასათავისუფლებლად, ეს საკითხი დაყენებულია მაღალ პოლიტიკურ დონეზე და აქტიურად განიხილება საერთაშორისო პარტნიორებთან. ირაკლი ღარიბაშვილმა კიდევ ერთხელ გამოხატა მხარდაჭერა ზაზა გახელაძის და მისი ოჯახის მიმართ და ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკანონო პატიმრობიდან მისი დაუყონებლივ დახსნა სახელმწიფოს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია“, – აცხადებს მთავრობის ადმინისტრაცია.

ზაზა გახელაძე 2020 წლის 11 ივლისს კასპის მუნიციპალიტეტში რუსმა ე.წ. მესაზღვრეებმა დააკავეს, დაკავებისას გახელაძე რუსმა ჯარისკაცებმა ფეხშიც დაჭრეს. ცხინვალში მას „საზღვრის უკანონო კვეთა“ და „სიცოცხლის ხელყოფის მცდელობა“ წაუყენეს ბრალად და ე.წ. სასამართლომ მას 5 თებერვალს 12 წლითა და 6 თვით უკანონო პატიმრობა მიუსაჯა.

გახელაძის ოჯახი საქართველოს ხელისუფლებისგან მოითხოვს, რომ გადადგას ქმედითი ნაბიჯები და გახელაძე პატიმრობიდან დაიხსნან. ამ მიზეზით მათ საპროტესტო აქციების გამართვაც დააანონსეს.