პრემიერის თქმით, ლატვიას უარი უთხრეს საჩუქარზე, რადგან AstraZeneca ნაკლებად მოთხოვნადია

პუბლიკა

„AstraZeneca-ის ვაქცინა ნაკლებად მოთხოვნადია და პრიორიტეტულია ჩვენი მოსახლეობის მხრიდან“, – ასე უპასუხა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტის კითხვას 50 000 დოზა AstraZeneca-ის ვაქცინის შესახებ, რომელსაც ლატვია საქართველოს ჩუქნიდა და რაზეც ქვეყანამ უარი თქვა.

მისი თქმით, ქვეყანაში საკმარისზე მეტი ვაქცინაა და მოსახლეობას რომელი ვაქცინაც სურს, ის უნდა იყოს შემოტანილი ქვეყანაში.

„ჩვენ, მთავრობამ მოვახერხეთ და შემოვიტანეთ საკმარისზე მეტი ვაქცინა. ამ მომენტისთვის ყველანაირი ვაქცინა გვაქვს საქართველოში. Pfizer-ის ვაქცინა კიდევ მილიონი გვაქვს. Sinovac, რომელიც ასევე იდენტურია და ანალოგია, როგორიც არის Sinopharm, კიდევ დამატებით ერთი მილიონი Sinopharm მაქვს შეკვეთილი და კიდევ ვმუშაობთ დამატებით 2 მილიონ Pfizer-ზე. AstraZeneca ასევე შემოვიტანეთ, მაგრამ როგორც მეუბნებიან ჩვენი ეპიდემიოლოგები და ჩვენი ექიმები, ნაკლებად მოთხოვნადი და პრიორიტეტულია ჩვენი მოსახლეობის მხრიდან.

ქვეყანაში რომ არ იყოს ვაქცინები და ჩვენ მაგ დროს გვეთქვა უარი, რა თქმა უნდა, ეს იქნებოდა პირდაპირ დანაშაული, მაგრამ, როდესაც 3 მილიონი ვაქცინა გვაქვს, ჩვენი არჩევანია, მოსახლეობას რომელი ვაქცინაც უნდათ, ის ვაქცინა ჩამოვიტანოთ“, – განაცხადა პრემიერმა.


„ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიორგი კანდელაკმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ  საქართველოს მთავრობამ ლატვიას 50 000 დოზა AstraZeneca-ის ვაქცინის ჩუქებაზე უარი უთხრა. როგორც ოპოზიციონერი პოლიტიკოსი აცხადებს, ეს იმ ფონზე მოხდა, როცა 5 ივლისის მოვლენების შემდეგ ბალტიის ქვეყნებმა ღარიბაშვილს ვიზიტზე უარი უთხრეს.