პრეზიდენტის ადმინისტრაცია: ზურაბიშვილმა ალიევს არჩევა წერილით მიულოცა

პუბლიკა

პრეზიდენტის ადმინისტრაცია აცხადებს, რომ სალომე ზურაბიშვილმა ილჰამ ალიევს არჩევა 9 თებერვალს, წერილით მიულოცა.

„საქართველოს პრეზიდენტმა აზერბაიჯანის პრეზიდენტს როგორც ყველა მეგობარი და პარტნიორი ქვეყნის პრეზიდენტს, ოფიციალური წერილით მიულოცა პრეზიდენტის პოსტზე არჩევა”, – ამბობენ ადმინისტრაციაში.

მოგვიანებით ადმინისტრაციამ ჟურნალისტებს წერილის ასლიც მიაწოდა.

საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს არც საიტზე, არც სოციალური მედიის გვერდებზე მილოცვის ტექსტი არ გამოუქვეყნებია.

დღეს, 12 თებერვალს, „ქართული ოცნების” წევრებმა განაცხადეს, რომ სალომე ზურაბიშვილმა ილჰამ ალიევს აზერბაიჯანის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება არ მიულოცა, რაც „დამაზიანებელი და პოლიტიკური სიბეცეა”.

თავდაცვის ახლად დანიშნული მინისტრის, ირაკლი ჩიქოვანის თქმით კი, მისთვის „გაუგებარია ის უმოქმედობა, რომელსაც პრეზიდენტი იჩენს ამ მიმართულებით”.

„ელემენტარული, დიპლომატიური ეტიკეტის საკითხია, რომ ეს მილოცვა აქამდე ბევრჯერ უნდა გაჟღერებულიყო”, – თქვა მან.

აზერბაიჯანში რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები 7 თებერვალს ჩატარდა. ხმის მიცემის პროცესი გაიმართა მთიან ყარაბაღშიც. ქვეყანაში მომდევნო საპრეზიდენტო არჩევნები მომავალ წელს უნდა ჩატარებულიყო. თუმცა, მას შემდეგ, რაც 2023 წელს აზერბაიჯანმა მთიან ყარაბაღზე კონტროლი დაამყარა და იქიდან ეთნიკურად სომეხი მოსახლეობა განდევნა, ილჰამ ალიევმა რიგგარეშე არჩევნები დანიშნა. ანალიტიკოსების ვარაუდით, ალიევს სურს, პოპულარობა მეტი ლეგიტიმაციისთვის გამოიყენოს.

62 წლის ილჰამ ალიევმა, რომელიც ქვეყანას 20 წელზე მეტია, მართავს, არჩევნებში ხმების 92% მიიღო.