პროფკავშირების გაერთიანების გამგეობის სხდომის პარალელურად, შენობასთან სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა

პუბლიკა

საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების გამგეობის სხდომის პარალელურად, შენობასთან სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. დაშავდა სამი ადამიანი, რომლებიც სასწრაფო დახმარების მანქანამ კლინიკაში გადაიყვანა.

როგორც „პუბლიკასთან“ საუბრისას ერთ-ერთი დაშავებული, გიორგი კობახიძე ამბობს, დაპირისპირება გამგეობის სხდომაზე დასწრების გამო დაიწყო. კერძოდ, მისი თქმით, ორგანიზაცია „ლაბორის” (აგრომეურნეობის, ვაჭრობისა და მრეწველობის პროფკავშირი) იურისტს გამგეობის სხდომაზე დასწრების საშუალება არ მიეცა. „ლაბორი” „ევოლუშენ საქართველოს” გაფიცული თანამშრომლების ნაწილი ინტერესებს იცავს.

26 დეკემბერს დილის 11 საათისთვის, გაერთიანებული პროფკავშირების შენობაში დაგეგმილი იყო გამგეობის სხდომა, რომელზეც უნდა განხილულიყო „ლაბორთან” დაკავშირებული საკითხი.

დაშავებული გიორგი კობახიძე ფიზიკური დაპირისპირების დეტალებზე საუბრობს და ამბობს, რომ „შავებში ჩაცმულმა, ნიღბიანმა“ ადამიანმა მას და მასთან ერთად მყოფ ადამიანებს  ფიზიკური დაზიანებები მიაყენა.

„ამ შენობაში ბევრი ოფისია და მე ვიყავი მეორე სართულზე, კერძოდ „ლაბორის“ ოფისში, რომლის წევრიც ვარ. გავიგონე რაღაც ხმა და აღმოჩნდა, რომ თურმე ჩვენს იურისტს არ უშვებდნენ შიგნით, იმის მიუხედავად, რომ კანონით ვალდებულია, იქ იყოს.

მარტო არ ვიყავი, სხვებიც იყვნენ და ვეკითხებოდით, რატომ არ უშვებდნენ ჩვენს იურისტს. ვიღაცა შავებში ჩაცმული, ნიღბიანი ტიპი ჩადგა კარებში და იქ რომ ვიდექით, ჩვენი გაყრა სცადა. ჯერ ხელი გვკრა, მაგრამ არ გამოუვიდა, შემდეგ მოგვაწვა და არც ეგ არ გამოუვიდა და მერე რტყმა დაიწყო. მე სახეში დამარტყა და დამასისხლიანა, მეორეს ასევე სახეში დაარტყა და კბილი ჩამოუმტვრია, მესამე გოგო საერთოდ კარებში მოაყოლეს.

არანაირი შეურაცხყოფა არ მიმიყენებია, ფიზიკურად არ შევხებივარ იმ ადამიანს. მგონია, რომ იყო დაქირავებული. დაცვის წევრს არ ჰგავდა, არანაირი ფორმა არ ეცვა და მანდ არ დგას ხოლმე არასდროს.

პოლიცია იყო გამოძახებული, სასწრაფოც მოჰყვა და მაგას გამოვყევი. პოლიციამ დაგვკითხა, გადავეცით ყველანაირი ინფორმაცია რაც მოხდა“, – ამბობს კობახიძე „პუბლიკასთან”.

დაპირისპირების დეტალებზე საუბრობს „ლაბორის“ კიდევ ერთი წარმომადგენელი.

„შეხვედრაზე „ლაბორის“ მხრიდან უფლებამოსილი პირები უნდა ყოფილიყვნენ.  უშვებდნენ თითქმის ყველას, „ლაბორის“ წარმომადგენელთა გარდა. მოვითხოვეთ განმარტება, რატომ არ შეუშვეს ჩვენი იურისტი, თავმჯდომარის მოადგილე.

მათი მხრიდან მოხდა კარებში ფიზიკური მოწოლა, რასაც ჩვენი მხრიდან მოჰყვა თავდაცვა – თავი შევიმაგრეთ. იმათი მხრიდან იყო მუშტების ქნევა, სილის გარტყმა. სცემეს რამდენიმე ადამიანს, ერთს კბილი ჩაუმტვრიეს, მეორეს ლოყა დაუზიანეს. გოგოებსაც დაარტყეს, გვაგინეს, გვლანძღეს. საბოლოოდ კარი ჩარაზეს და უფლებამოსილი პირები შეხვედრაზე არ შეუშვეს“, – განაცხადა „ლაბორის” წარმომადგენელმა.

გაერთიანებული პროფკავშირების თავმჯდომარის მოადგილე რაისა ლიპარტელიანი „რადიო თავისუფლებას” ეუბნება, რომ „ლაბორის” თავმჯდომარეს, გიორგი დიასამიძეს, თავად არ მოუთხოვია იურისტის დასწრება სხდომაზე და შესაბამისად, მათ არ დაუყენებიათ დღის წესრიგში  სხდომაზე იურისტის დასწრების საკითხი.

რაც შეეხება „ლაბორთან” დაკავშირებულ საკითხს, რაისა ლიპარტელიანის თქმით, ეს საკითხი დაისვა მას შემდეგ, რაც დაახლოებით ორი კვირის წინ, „ევოლუშენ საქართველოს” გაფიცული თანამშრომლების ნაწილმა გაერთიანებულ პროფკავშირებს მიმართა.

ლიპარტელიანი ამბობს, რომ გაფიცულებს კითხვის ნიშნები და პრეტენზიები აქვთ „ლაბორთან” და აცხადებენ, რომ პროფკავშირი მათ ინტერესებს სათანადოდ არ იცავს:

„პირადად დამიკავშირდნენ, როგორც იურისტს. ჩემთან მოვიდნენ და განაცხადეს, რომ აქვთ უკმაყოფილება “ლაბორთან”, მის ხელმძღვანელთან. ეს ჩვენი წევრი ორგანიზაციაა და შესაბამისად, ჩვენ ამ საკითხით დავინტერესდით.

საუბარია იმაზე, რომ გაფიცვის პირველივე დღიდანვე, მათ შორის პიკეტირებები იქნებოდა ეს თუ სხვადასხვა ღონისძიება, არ იყო კოორდინირებული, არ თანხმდებოდა წევრებთან და ასეთი გადაწყვეტილებები მიიღებოდა ერთპიროვნულად ან მხოლოდ მის მოადგილეებთან ერთად.

ეს სიტუაცია გამწვავდა. დღეის მდგომარეობით, კომპანია ამ ადამიანებს ედავება უკანონო გაფიცვას, ზარალის ანაზღაურებაზე. ამასთანავე ისინი ამბობდნენ, რომ ორგანიზაციის ფინანსები გამოიყენებოდა არამიზნობრივად – არა გაფიცულთა მხარდასაჭერად, არამედ პირადი მიზნებისთვის.

სწორედ ამიტომ გადაწყდა ამ საკითხის გამგეობის სხდომაზე განხილვა. სხდომას ესწრებიან თავად გაფიცულებიც. რატომ მოხდა გარეთ დაპირისპირება და რა საჭირო იყო ამ აჟიოტაჟის ატეხვა, არ ვიცი. მით უმეტეს, გიორგი დიასამიძეს არ მოუთხოვია იურისტის დასწრება”, – ამბობს რაისა ლიპარტელიანი „რადიო თავისუფლებასთან”.