პროტესტის მონაწილეებმა რომ შეძლონ ხეობაში შესვლა, გვჭირდება კიდევ დამატებითი სამუშაოები - სამინისტრო

პუბლიკა

გუშინ გაიმართა მორიგი შეხვედრა „რიონის ხეობის მცველებსა“ და ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების წარმომადგენლებთან. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ნამახვანჰესის საკითხზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები და მთვარობის წარმომადგენლები.

დღეს ეკონომიკის სამინისტრომ შეხვედრის შესახებ მინისტრის მოადგილის დავით თვალაბეიშვილის კომენტარი გაავრცელა. ის ამბობს, რომ შეხვედრა იყო  პოზიტიური.

„რიონის ხეობაში დეესკალაციის პროცესი გრძელდება. ყველა მიმართულებით გვაქვს გარკვეული პროგრესი. ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების ჩართულობა, როგორც ჩანს, არის საკმაოდ პროდუქტიული და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ მომავალში უფრო მეტი ხელშესახები შედეგები გვექნება,“ – ამბობს მინისტრის მოადგილე.

მისივე თქმით, ეს იყო ძირითადად, ტექნიკური სახის შეხვედრა. საუბარი წარიმართა იმ შეთანხმების შესრულებასა და მის სტატუსზე, რომელიც გასულ შაბათს შეხვედრის ფარგლებში იყო შეთანხმებული.

 „პირველი იყო დეესკალაციის თემა, რომელიც ყველაზე მწვავეა. როგორც მოგეხსენებათ, მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება და რკინის კედელი იქნა გუმათიდან დემონტირებული. გაიხსნა გზა, თუმცა იმისთვის, რომ პროტესტის მონაწილეებმა შეძლონ ხეობაში შესვლა, ამისთვის გვჭირდება კიდევ დამატებითი სამუშაოები. კონკრეტულად საუბარია იმაზე, რომ მოიძებნოს ტერიტორია, სადაც მოხდება კარვის განთავსება. საუბარია პროტესტის ადგილმდებარეობაზე. შევთანხმდით, რომ ხვალისთვის მივაწვდით მეორე მხარეს რამდენიმე კონკრეტულ ლოკაციას. ითქვა ისიც, რომ ის ადგილი, სადაც ისინი ადრე იყვნენ დაბანაკებული, კერძო ტერიტორიაა და პროტესტი იქ ვერ გაგრძელდება,“ – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

რაც შეეხება მეორე საკითხს, დავით თვალაბეიშვილის განცხადებით, საუბარია ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს მიერ ნამახვანი ჰესის პროექტის ინსპექტირების შესახებ ინფორმაციის მიწოდებაზე როგორც ევროკავშირისთვის, ასევე მეორე მხარისთვის.

„ჩვენ ეს ვალდებულება მიმდინარე კვირის ორშაბათს ოფიციალური წერილის გაგზავნით შევასრულეთ. სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ მოგვაწოდა ამომწურავი ინფორმაცია ამ საკითხზე. თუ არსებობს რამე კითხვები, შევთანხმდით, რომ ამ კითხვებს მივიღებთ წერილობითი ფორმით და შემდეგ გაეცემა პასუხები,“ – განაცხადა დავით თვალაბეიშვილმა.

მესამე საკითხი დაკავებულ აქტივისტებს შეეხებოდა. დავით თვალაბეიშვილის განცხადებით, აღნიშნულ საკითხზე პროკურატურამ განცხადება უკვე გააკეთა. მინისტრის მოადგილის განცხადებით, მედიაციის შეხვედრისას დამატებითი ინფორმაციის წარმოდგენის საკითხი დაისვა.

„ჩვენ შევისწავლით, რა სახის დამატებითი ინფორმაციაა საჭირო და ამასაც მომავალ კვირაში მივაწვდით მეორე მხარეს,“ – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.


გუმათჰესთან პოლიციამ რკინის ბარიკადები 17 ივნისს აიღო.  შინაგან საქმეთა სამინისტროს თქმით, პოლიციის თანამშომლები გუმათჰესთან და რიონის ხეობაში, უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, კვლავ დარჩებიან და საზოგადოებრივ წესრიგს დაიცავენ.

ბარიკადების აღება არის ერთ-ერთი წინაპირობა ნამახვანჰესთან დაკავშირებით ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების შუამავლობით მედიაციის დასაწყებად.

პირველი შეხვედრა მედიატორის მონაწილეობით შაბათს, 12 ივნისს გაიმართა.

შეხვედრის შემდეგ აქტივისტმა, ვარლამ გოლეთიანმა განაცხადა, რომ მედიაციის დასაწყებად წამოყენებულ რამდენიმე წინაპირობაზე პასუხი გადაწყვეტილების მიმღებ პირებს პარასკევამდე უნდა ეთქვათ. საუბარია ბარიკადების აღებაზე, ხეობიდან პოლიციის გასვლასა და პროტესტის ნამოხვანში დაბრუნებაზე. გოლეთიანის განმარტებით, იმ შემთხვევაში, თუ ეს პირობები შესრულდება, შემდეგ შეხვედრაზე დღის წესრიგში კვლავ დადგება შემდგომი წინაპირობა, ხეობაში სამუშაოების შეჩერების შესახებ.

როგორც მედიატორის, დირკ ბუშლეს განცხადებაშია აღნიშნული, შეხვედრაზე მთავრობამ აიღო ვალდებულება, რომ შეცვლის არსებულ ბარიერებს და მთავარ გზაზე წვდომას უზრუნველყოფს. მეორე მხრივ, საპროტესტო აქციის მონაწილეებმა აიღეს ვალდებულება, რომ არ დაბლოკავენ სამშენებლო მოედნისკენ მიმავალ გზას.

ვარლამ გოლეთიანი „პუბლიკასთან” საუბრისას აცხადებდა, თუ პოლიცია ბარიკადებს აიღებს, ისინი გადაინაცვლებენ სოფელ ნამოხვანში. აქტივისტები აღარ იქნებიან იმ 7 ლოკაციაზე, საიდანაც კომპანიის მანქანებს გადაადგილებას უზღუდავდნენ. შემდეგ კი შეხვედრების ფორმატში დააყენებენ საკითხს სამუშაოების შეჩერების შესახებ.