ქართულ პოლიტიკას რადიკალიზმი წარმართავს და ეს ქვეყანას კარგს არაფერს უქადის - დუმის სპიკერი

პუბლიკა

საქართველოში რუსი ჟურნალისტის, ვლადიმერ პოზნერის ჩამოსვლას და თბილისში მისი სტუმრობის გამო გამართულ საპროტესტო აქციას რუსეთის სახელმწიფო დუმის სპიკერი ვიაჩესლავ ვოლოდინი გამოეხმაურა.

ვოლოდინის განცხადებით, პოზნერის ვიზიტის გარშემო განვითარებული მოვლენებიდან ჩანს, რომ საქართველოს შიდაპოლიტიკას, მეტწილად, რადიკალიზმი წარმართავს და ეს ქვეყანას კარგს არაფერს უქადის.

„თბილისში პოზნერის ვიზიტის გარშემო განვითარებული მოვლენები კიდევ ერთხელ აჩვენებს, რამდენად ღრმა კრიზისშია საქართველო. მის შიდა პოლიტიკას, მეტწილად, რადიკალიზმი წარმართავს, რაც რა თქმა უნდა, ამ ქვეყანას კარგს არაფერს უქადის“, – წერს რუსი პოლიტიკოსი Telegram-ზე.

ვოლოდინმა 2019 წელს თბილისში რუსეთის დუმის დეპუტატის სერგეი გავრილოვის ვიზიტი და მისი სტუმრობის შემდეგ განვითარებული მოვლენებიც გაიხსენა. როგორც რუსეთის დუმის სპიკერი წერს, საქართველოში გავრილოვისა და პოზნერის წინააღმდეგ გამართული აქციებიდან ისიც გამოჩნდა, რომ რუსი ტურისტებისთვის აქ ყოფნა უსაფრთხო არ არის.

„ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, მხოლოდ საქართველოს ანგრევს და ზაფხულის ტურისტული სეზონის მოახლოებასთან ერთად კიდევ ერთხელ აჩვენებს, რამდენად საფრთხის შემცველია ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისთვის იქ ყოფნა“, – წერს ვიაჩესლავ ვოლოდინი.


რუსეთის პირველი არხის ტელეწამყვანი ვლადიმირ პოზნერი, რომელიც ვლადიმერ პუტინის პროპაგანდისტად მიიჩნევა, საქართველოში გუშინ დაბადების დღის აღსანიშნავად ჩამოვიდა. ის 87 წლის გახდა და მასთან ერთად საქართველოში ჩარტერული რეისით 40-მდე ადამიანიც ჩამოფრინდა.

პოზნერის ვიზიტს, სამოქალქო აქტივისტებისა და სხვადასხვა მოძრაობის წევრების პროტესტი მოჰყვა. ისინი მივიდნენ იმ რესტორანთან, სადაც პოზნერი დაბადების დღეს აღნიშნავდა. აქციის ფონზე პოზნერს, თავის თანმხლებ პირებთან ერთად მოუწია სასტუმრო „ვინოტელი“ დაეტოვებინა. მოგვიანებით, აქცია გაგრძელდა სასტუმრო „რუმსთან“, სადაც პოზნერი და მისი მეგობრები იყვნენ დაბინავებულნი.

ვლადიმერ პოზნერმა საქართველოში სტუმრობა შეწყვიტა და გამთენიისას თანმხლებ პირებთან ერთად საქართველო დატოვა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ასკ-ის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად, 32 პირი დააჯარიმეს. მათივე ცნობით, ქვეყნის ტერიტორიაზე შემოსული 41 პირიდან ცხრას იზოლაციისა და კარანტინის წესები არ დაურღვევია. პოლიციამ დააჯარიმა ასევე სასტუმრო „ვინოტელი“ 10 000 ლარით.