ქმედითი ნაბიჯები საკითხის გადასაჭრელად | ვინ რაში ხედავს კომპრომისს

პუბლიკა

მას შემდეგ, რაც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ზალკალიანმა და შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ტელეფონით ისაუბრეს, „ამერიკის ხმამ“ სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება მოიპოვა, რომელშიც ნათქვამია, რომ შტატები ევროკავშირთან იმისთვის თანამშრომლობს, რომ დაჟინებით სთხოვოს მმართველ პარტიას და ოპოზიციას, გადაჭრან მათი კონფლიქტი.

„ჩვენ საჯაროდ და კერძო საუბრებში ყველა მხარეს მოვუწოდეთ სიტუაციის დეესკალაციისკენ, კონსტრუქციულ დიალოგში ჩართვისკენ და კომპრომისებზე წასვლისკენ, იმისთვის, რომ საქართველოს წინვლის საშუალება მიეცეს“, – თქვეს ამერიკის საგარეო უწყებაში.

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადების შემდეგ მედიასთან გამოჩნდა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეც, რომელიც 12 აპრილიდან შტატებში სამუშაო ვიზიტით იმყოფება და კონგრესისა და სენატის წარმომადგენლებს ხვდება.

კობახიძემ თქვა, რომ პარტნიორებისგან ისმენენ რჩევებსა და მოსაზრებებს, ასევე მინიშნებას, რომ „ქართულმა ოცნებამ“ უნდა გადადგას ნაბიჯი საკითხების გადასაჭრელად. ირაკლი კობახიძე კიდევ ერთხელ გამოხატავს კომპრომისისთვის მზაობას.

მმართველი პარტიის ლიდერმა სიტყვა „კომპრომისი“ ახსენა, საქართველოში კი დაინტერესდნენ, რა იგულისხმა მან – წავა თუ არა მმართველი გუნდი დამატებით კომპრომისზე და შედგება თუ არა შეთანხმება იმ საკითხებზე, რომლებსაც ოპოზიცია მოითხოვს? მედიამ შეკითხვით საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს მიმართა.

„ქართული ოცნების“ დეპუტატები აცხადებენ, რომ კომპრომისი ნიკა მელიას, გიორგი რურუას და ვადამდელი არჩევნების საკითხზე არ შედგება.

„კობახიძემ თქვა, რომ აქამდეც ჩვენ ვდგამდით კომპრომისულ ნაბიჯებს და ამის მერეც გადავდგამთ, რაც იქნება სამართლიანობის პრინციპზე და საზოგადოების გადაწყვეტილების ფარგლებში. ეს ვერამც და ვერამც ვერ იქნება ვადამდელი არჩევნების საკითხზე“, – განმარტა საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, გურამ მაჭარაშვილმა.

„გონივრული და ქვეყნისთვის სასიკეთო“ კომპრომისებისთვის მზაობას გამოთქვამს ირაკლი ქადაგიშვილი. აქვე არჩევნების მოთხოვნას არალეგიტიმურს უწოდებს.

უმრავლესობის წევრი მიხეილ სარჯველაძე კი ამბობს, რომ კომპრომისისკენ ნაბიჯების გადადგმა მხოლოდ ხელისუფლების ვალდებულება არ არის.

პოლიტიკოსი გიგი უგულავა აცხადებს, რომ ირაკლი კობახიძის განცხადება კომპრომისზე მხოლოდ მას შემდეგ იქნება განსახილველი, თუ ის თბილისში ჩამოსვლის შემდეგაც გაიმეორებს იმავეს.

„თუ კობახიძე დაბრუნების შემდეგ იმავეს იტყვის, იქნება კარგი. მოლაპარაკება ჩაშალა „ქართულმა ოცნებამ“. ჩვენ ისიც ვნახეთ, რომ განსხვავებულად ლაპარაკობდა ღარიბაშვილი, როცა შარლ მიშელი იყო თბილისში და რომ წავიდა, შეიცვალა ტონიც და შინაარსიც. ეს ამათ ახასიათებთ, ამერიკაში შეიძლება ერთს ლაპარაკობდეს, ჩამოდის აქ და სხვას ლაპარაკობს“, – განაცხადა უგულავამ.

ოპოზიციისთვის მთავარი კომპრომისი ვადამდელი არჩევნები და მელია-რურუას გათავისუფლებაა. ხატია დეკანოიძე ფიქრობს, რომ ეს ხალხის ნებაცაა.

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი აცხადებს, რომ მმართველი გუნდი რომც დათანხმდეს ვადამდელი არჩევნების ხვალვე ჩატარებას, თუ ნიკა მელია არ გათავისუფლდება, შეთანხმებას აზრი არ აქვს. ნათელაშვილის პოზიციით, სახელმწიფო დეპარტამენტმა მეტი პასუხისმგებლობა ხელისუფლებას დააკისრა. მისი თქმით, არ დათანხმდება ახალ არჩევნებს, თუ არ დაიწყება საუბარი ბიძინა ივანიშვილის სანქცირებაზე.

სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებას უმძიმეს გზავნილად აფასებს „ევროპული საქართველოს“ ლიდერი გიგა ბოკერია.

„მსგავსი გზავნილები და პერსპექტივა პროგრამების შეჩერების ევროკავშირისა და შეერთებული შტატებისგან არ მახსოვს 2003 წლის შემდეგ. სამწუხაროდ, ივანიშვილის რეჟიმს ესმის ქვეყნის შიგნით  სამოქალაქო პროტესტის ძალისა და ქვეყნის გარედან წნეხის. ეს წნეხი გაიზრდება და ჩვენ ახლა შიგნით უნდა გვქონდეს მშვიდობიანი, ლეგიტიმური და მზარდი პროტესტი“, – განაცხადა ბოკერიამ.

„ქართული ოცნების“ პასუხისმგებლობა ამოიკითხა სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებიდან „ლელოს“ ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემაც.

ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო უწყების განცხადება შეაფასა გიორგი გახარიას თანაგუნდელმა, პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა ბექა ლილუაშვილმაც.

ლილუაშვილის თქმით, სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში მკაფიოდაა აღნიშნული, რომ სახელისუფლებო ძალებს ეკისრებათ მეტი პასუხისმგებლობა და შესაბამისად, მეტი კომპრომისის ჩვენება პროცესის დეესკალაციის მიზნით.

ლილუაშვილი ამბობს, რომ  „ქართული ოცნების“ დღის წესრიგი აღარ არის თანხვედრაში ხალხის ინტერესებთან.

„შეგახსენებთ, ეს არის უკვე მეორე სტრატეგიული პარტნიორი, რომელიც გვეუბნება, რომ მმართველ პარტიასა და ოპოზიციას ჯერ არ გამოუხატავს სურვილი და ნება, საკუთარ პოლიტიკურ ინტერესებზე მეტად, ქართველი ხალხის ინტერესების პრიორიტეტიზება მოახდინოს.

მსგავსი შეფასებების ფონზე, პოლიტიკური რადიკალიზაციის პროცესში თავიდან  ფეხებამდე ჩაფლული მმართველი პარტიის მიერ ამ პროცესის ქართველი ხალხის ინტერესების შესაბამისად ფსევდოდეესკალაციის ლეგენდასაც ძირი გამოეცალა. ამიტომ ნურავის გაუკვირდება, როდესაც ვამბობ, რომ სამწუხაროდ, „ქართული ოცნების“, როგორც ხალხის მიერ არჩეული პოლიტიკური ძალის დღის წესრიგი, აღარ არის თანხვედრაში ამავე ხალხის ინტერესებთან“, – განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.

ამერიკის შეერთებულ შტატებში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ვიზიტი 16 აპრილამდე გაგრძელდება. პარალელურად, საქართველოში ოპოზიციამ რეგიონებში 15 მაისის აქციის საორგანიზაციო შეხვედრები დაიწყო.

ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის წარმომადგენლები საქართველოში არსებულ პოლიტიკურ კრიზისსა და მხარეების მიერ პასუხისმგებლობის აღებაზე აქტიურად საუბრობენ.

დაანონსებულია აპრილის ბოლოს ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი საქართველოში. ოპოზიცია ავრცელებს ინფორმაციას, რომ ქვეყანას კიდევ რამდენიმე ქვეყნის წარმომადგენელი ეწვევა. „რადიო თავისუფლების“ წყაროს ინფორმაციით, მალე ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის სპეციალური წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის განცხადებები და მედიაციის მესამე რაუნდია მოსალოდნელი.