გვესმის მინიშნება, რომ „ოცნებას“ სჭირდება კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა - კობახიძე აშშ-ში ვიზიტზე

პუბლიკა

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში სახელმწიფო ვიზიტით იმყოფება, აცხადებს, რომ პარტნიორებისგან ისმენენ რჩევებსა და მოსაზრებებს, ასევე მინიშნებას, რომ „ქართულმა ოცნებამ“ უნდა გადადგას ნაბიჯი საკითხების გადასაჭრელად. ირაკლი კობახიძე კიდევ ერთხელ გამოხატავს კომპრომისზე მზაობას.

„დიდ დროს ვუთმობთ საქართველოში მიმდინარე პროცესებზე საუბარს – როგორ წარიმართება დიალოგის პროცესი, როგორ ვხედავთ ჩვენ ამ პროცესის განვითარებას და ვისმენთ საინტერესო მოსაზრებებსა და რჩევებს პარტნიორებისგან. ჩვენ გვესმის მინიშნება, რომ „ქართული ოცნება“ არის მმართველი პარტია და სჭირდება კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა იმისთვის, რომ საკითხები გადაიჭრას. ჩვენ ვაფიქსირებთ მზადყოფნას, რომ გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები კომპრომისის მიმართულებით, რაც არაერთხელ დავადასტურეთ“, – განაცხადა მმართველი პარტიის თავმჯდომარემ.

ირაკლი კობახიძის ინფორმაციით, პარტნიორებს ესაუბრნენ სისხლის სამართლის საქმეებზე, არჩევნებზე და იმაზე, რომ ყველას შეუძლია ამ ორ საკითხთან დაკავშირებული ასპექტების გადამოწმება.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია მათი რჩევების მოსმენა, ეს რჩევები ძალიან საინტერესოა და ბუნებრივია, დაგვეხმარება საბოლოო ჯამში, რომ სათანადოდ გადავჭრათ საკითხები, რომლებიც უკავშირდება საქართველოში პოლიტიკური პროცესების სათანადოდ განვითარებას“, – განაცხადა კობახიძემ.

ირაკლი კობახიძე 12 აპრილს სამუშაო ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა.

პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, კობახიძე შეხვდება ამერიკელ კონგრესმენებს, სენატორებს, სახელმწიფო დეპარტამენტისა და თეთრი სახლის მაღალი რანგის წარმომადგენლებსა და პოლიტიკის კვლევის ანალიტიკური ცენტრების (Think Tank) ხელმძღვანელებს.