ქონების გადასახადის 40 000-ლარიანი ზღვარი გაუქმდება და გადასახადი მხოლოდ იმ მოქალაქეებზე გავრცელდება, რომელთა წლიური შემოსავალი 100 000 ლარს აღემატება. ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ განაცხადა.
მისი თქმით, საკანონმდებლო ინიციატივის მიხედვით, ცვლილების შედეგად ქონების გადასახადის გადახდის ვალდებულება დაახლოებით 81 000 მოქალაქეს მოეხსნება.
„ფინანსთა სამინისტროსთან აქტიურ კოორდინაციაში, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომელიც დაჩქარებული წესით იქნება მიღებული, რომ ქონების გადასახადზე ზღვარი 40 000-დან 100 000 ლარამდე [გაიზარდოს] – 40 000-ლარიანი ზღვარი საერთოდ გაუქმდება.
ქონების გადასახადი მხოლოდ 100 000 ლარზე და ზემოთ შემოსავლიან მოქალაქეებზე შენარჩუნდება. ამით 81 000 პირს გაუუქმდება ეს გადასახადი“,- განაცხადა კირცხალიამ.
პარლამენტი კანონპროექტს დაჩქარებული წესით მიიღებს.
მოქმედი კანონმდებლობით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის თანახმად, ფიზიკური პირის ქონების გადასახადი დამოკიდებულია ოჯახის წლიურ შემოსავალზე და დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულებაზე.
გადასახადის განაკვეთი (შემოსავლის მიხედვით):
- 40 000 ლარამდე შემოსავალი: ფიზიკური პირი ქონების გადასახადისგან სრულად თავისუფლდება.
- 40 000-დან 100 000 ლარამდე შემოსავალი: გადასახადის განაკვეთი შეადგენს საგადასახადო წლის ბოლოსთვის არსებული ქონების საბაზრო ღირებულების 0.05%-დან 0.2%-მდე.
- 100 000 ლარზე მეტი შემოსავალი: გადასახადის განაკვეთი შეადგენს ქონების საბაზრო ღირებულების 0.8%-დან 1%-მდე.