ქორწილისა და ქელეხის გამართვისთვის პირი 2 000 ლარით, ხოლო კომპანია 10 000 ლარით დაჯარიმდება - კანონპროექტი

ქეთი გოგუაძე

პარლამენტის იურიდიულმა კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა კანონპროექტი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ, რომელიც იზოლაციის ან/და კარანტინის წესის დარღვევის დროს ჯარიმებს განსაზღვრავს. კანონპროექტის მიხედვით:

დახურულ საჯარო სივრცეში თავშეყრისას პირბადის ტარების წესის დარღვევა ან პირბადის არმქონე პირის დახურულ საჯარო სივრცეში დაშვება გამოიწვევს: ფიზიკური პირის დაჯარიმებას 20 ლარით; დახურული საჯარო სივრცის მფლობელი იურიდიული პირის – 500 ლარით;

საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მეტროპოლიტენით გადაადგილებისას მგზავრისთვის და მძღოლისთვის სავალდებულოა პირბადის ტარება. პირბადის ტარების წესის დარღვევა გამოიწვევს მგზავრის ან მძღოლის დაჯარიმებას 20 ლარით;

► ტაქსით გადაადგილებისას პირბადის ტარების წესის დარღვევა გამოიწვევს როგორც მძღოლის, ასევე მგზავრის დაჯარიმებას 20 ლარით; როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, ტაქსიში პირბადის ტარება სავალდებულო იქნება როგორც მძღოლისთვის, ასევე – მგზავრისთვის;

► იზოლაციის ან/და კარანტინის სხვა წესების დარღვევა კი გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 2000 ლარით, იურიდიული პირის კი – 10 000 ლარით [კანონპროექტის 4210 მუხლის მე-4 პუნქტი];

როგორც კომიტეტის სხდომაზე ანრი ოხანაშვილმა განმარტა, ამ პუნქტში შევა ისეთი შემთხვევები, თუ მაგალითად საზღვარგარეთიდან დაბრუნებული ადამიანი თავს აარიდებს კარანტინს ან მგზავრობის დრო შესაბამისი კომპანია არ დაიცავს უსაფრთხოების წესებს; თუ კი პირი კარანტინში დაარღვევს წესს;

ასევე, მისი თქმით, 2 000 ლარით დაჯარიმდება თავშეყრის შესახებ რეგულაციების დარღვევა. კერძოდ, მთავრობის დადგენილებით, იზღუდება 10-ზე მეტი ფიზიკური პირის ისეთი თავშეყრა, რომელიც დაკავშირებულია საზოგადოებაში დამკვიდრებულ სოციალურ ღონისძიებებთან (მაგ.: ქორწილი, ნებისმიერი იუბილე, ქელეხი და ა.შ.).

პირბადეების შესახებ წესების გარდა იზოლაციის ან/და კარანტინის სხვა წესების განმეორებით დარღვევა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას გამოიწვევს. კანონპროექტით, სასჯელის სახით იქნება ისჯება შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე. ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისათვის იურიდიული პირი დაისჯება ჯარიმით, საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან ლიკვიდაციითა და ჯარიმით.