ქვეყანა კიდევ ერთი ეპიდაფეთქების ზღვარზეა - გამყრელიძე

პუბლიკა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ გუშინ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ქვეყანაში არსებულ ეპიდსიტუაციაზე ისაუბრა.

მისი თქმით, ქვეყანა კორონავირუსის კიდევ ერთი ეპიდაფეთქების ზღვარზეა. როგორც ამირან გამყრელიძე ამბობს, დადებითობის, ინციდენტობისა და რეპროდუქციის ინდექსის სტატისტიკური მაჩვენებელი მატულობს, რაც მესამე ტალღის მოახლოებაზე მეტყველებს.

„ეპიდსიტუაცია საკმაოდ დაძაბულია ქვეყანაში. სულ უფრო და უფრო უარესდება. ახალ შემთხვევათა რაოდენობამ სერიოზულად იმატა. მივდივართ იქითკენ, რომ მესამე ტალღა იყოს ქვეყანაში …

მართალია, ჯერჯერობით, ზრდის ნახტომი დიდი არ არის, მაგრამ ქვეყანაში ინფიცირების პროგრესირებადი ზრდაა. მოსახლეობაში დამყოლობა უნდა იყოს: პირველ რიგში, ყველგან და ყველას მიერ პირბადის უნივერსალურ ტარებაზე, დავიცვათ დისტანცია და ჰიგიენური ნორმები“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.


ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 897 ახალი დადასტურებული შემთხვევა.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 5 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 3.65 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 1.94%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 2.32 %.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 10 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 832 პირი ემსხვერპლა.