ქვეყანაში არის სიმშვიდე, თუ არ ჩავთვლით ქარიშხალს ჭიქაში, რომლის დატრიალებასაც ცდილობს ენმ - კობახიძე

პუბლიკა

„ოპოზიცია დღეს პარლამენტში ზის, ოპოზიციის რადიკალური ნაწილი თუ არ იქნება პარლამენტში, ამით ჩვენს ქვეყანას არაფერი დააკლდება”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა და ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ პოლიტიკური ბოიკოტის რეჟიმზე გადასვლა შეაფასა.

„ქვეყანაში არის სიმშვიდე, თუ არ ჩავთვლით ქარიშხალს ჭიქაში, რომლის დატრიალებასაც ცდილობს „ნაციონალური მოძრაობა“ თავისი ახალი თავმჯდომარით, ბატონი ლევან ხაბეიშვილით. ქვეყანაში არის სიმშვიდე და გაგრძელდება ქვეყნის მშვიდი განვითარება. თუ ვინმეს უნდა ქვეყანაში სიმშვიდის, მშვიდობის დარღვევა, ჩვენ მათ ამის საშუალებას არ მივცემთ და რეალურად მათ ამის რესურსი არ აქვთ. სიმშვიდეს საქართველოში ვერავინ დაარღვევს. ამის იმიტაცია არის მათი საქმე, მაგრამ რეალურად სიმშვიდე არის ის, რაც საქართველოში აუცილებლად უნდა გაგრძელდეს. 

ოპოზიცია დღეს პარლამენტში ზის, ოპოზიციის რადიკალური ნაწილი თუ არ იქნება პარლამენტში, ამით ჩვენს ქვეყანას არაფერი დააკლდება.

…ამის არც შანსი აქვს და არც თავი [სააკაშვილის ქუჩიდან გათავისუფლების]. მათი თავი არის ლევან ხაბეიშვილი და რისი რესურსი აქვთ მათ, თავად შეგიძლიათ განსაჯოთ…

„ნაციონალური მოძრაობა“ და სხვა რადიკალები თუ არ იქნებიან სხდომათა დარბაზში, ეს მხოლოდ დადებითად აისახება საპარლამენტო სამუშაო პროცესზე. საპარლამენტო სამუშაო გარემო მეტად კონსტრუქციული იქნება. რაც შეეხება მათ შიდა დისკუსიებს მანდატების დატოვებასთან დაკავშირებით, კიდევ ერთხელ ვიტყვი – მათ გუშინ თქვეს, რომ წყვეტდნენ საპარლამენტო საქმიანობას, დღეს მოუწიათ უკან დახევა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.