რა დაზიანება ტომოგრაფიაზე იყო, შესაძლებელია ჩაითვალოს პოსტრეანიმაციული დაავადების ფილტვის ფენომენად - რატიანი გარდაცვლილ მედდაზე

პუბლიკა

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელის, ლევან რატიანის განმარტებით, გარდაცვლილი მედდის მეგი ბაქრაძის ფილტვის დაზიანება, რომელიც კომპიუტერულ ტომოგრაფიაზე ჩანდა, შესაძლებელია ჩაითვალოს „პოსტრეანიმაციული დაავადების ფილტვის ფენომენად“.

მისივე თქმით, მეგი ბაქრაძეს პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაყვანისთანავე ჩაუტარდა PCR ტესტი კორონავირუსზე, ტესტის პასუხი იყო ნეგატიური. აღებულია ნიმუში ანტისხეულებზეც, დასკვნა მოგვიანებით გახდება ცნობილი.

„როდესაც ჩერდება გული, ეს თავისთავად იწვევს სასუნთქი სისტემის დისფუნქციას. აღნიშნულიდან გამომდინარე ჩატარებულმა გულ-ფილტვის რეანიმაციამ, რომელიც განხორციელდა თუნდაც „იმედის“ კლინიკაში, შესაძლებელია გამოიწვიოს ის კლინიკური სურათი, რომელიც კომპიუტერულმა ტომოგრაფიამ (აჩვენა). თან არ ნიშნავს იმას, რომ პაციენტს წინა პერიოდში ჰქონდა დაზიანება. მაგრამ რაც დაზიანება იყო კომპიუტერულ ტომოგრაფიაზე, შესაძლებელია სრულებით ჩაითვალოს პოსტრეანიმაციული დაავადების ფილტვის ფენომენად“, – განმარტა რატიანმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად, რომელიც გარდაცვლილი მედდის ადვოკატების განცხადებას ეხებოდა, რომლის მიხედვითაც მედდას პრევმონია ჰქონდა.

მისივე თქმით, ახალციხიდან მის კლინიკაში შეყვანისას მეგი ბაქრაძე გარდაცვლილი არ იყო და გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.

როგორც რატიანმა ბრიფინგზე განაცხადა, მეგი ბაქრაძის მდგომარეობა კლინიკაში შეყვანისას კრიტიკული იყო, თუმცა, გულისცემა და არტერიული წნევა შესაბამისი პრეპარატებით ნარჩუნდებოდა.

„შემოყვანიდან რამდენიმე წუთში ჩემს მიერ და ქალბატონ ქეთის მიერ გასინჯული იყო პაციენტი. დაფიქსირდა, რომ იყო ჰემოდინამიკის მკვეთრი მოშლა, რაც არ ნიშნავს იმას, რომ ის იყო გარდაცვლილი, ვინაიდან სიკვდილი დგება, როდესაც გული ჩერდება. ჩვენს კლინიკაში შემოყვანისას პაციენტთან იყო გულისცემა, იყო არტერიული წნევა შენარჩუნებული მეგადოზებით, იმ პრეპარატებით რაც იძლევიან წნევის აწევას. რაც შეეხება შემოსვლისას არსებულ მდგომარეობას, იყო კრიტიკული, შეუქცევადი. სამწუხაროდ, ეს გამოწვეული იყო ე.წ. პოსტრეანიმაციული დაავადებით, მყარი ვაზოპლეგიით. ამ შეუქცევადმა პროცესმა რამდენიმე საათში გამოიწვია საბოლოოდ გულის გაჩერება და ბიოლოგიური სიკვდილის დაფიქსირება“, – განაცხადა რატიანმა.