„რა გამოძიება? სისულელეა, რა გამოძიება უნდა დაიწყოს?“ - ყაველაშვილი ჩანაწერებზე

პუბლიკა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, მიხეილ ყაველაშვილი, TV პირველის მიერ გავრცელებული აუდიოჩანაწერის შესახებ ჟურნალისტების შეკითხვებს შეკითხვითვე პასუხობს.

მისთვის გაუგებარია, რატომ უნდა დაიწყოს ამ ჩანაწერებზე გამოძიება და მის გავრცელებას ოპოზიციას უკავშირებს.

„რა შესაძლო დანაშაულის ნიშნები იკვეთება? როდინდელ ჩანაწერზეა საუბარი? რა გამოძიება? სისულელეა. რა გამოძიება უნდა დაიწყოს? რაზე უნდა დაინტერესდეს? თქვენთვის რა არის მთავარი?

ერთი დევნილი ან ახალგაზრდა დამისახელეთ, ნაწამები ან, არ ვიცი, მოკლული, შევიწროებული ჩვენი ხელისუფლების დროს. გამოძიება კი არ უნდა დაიწყოს, ეს არის მიზანმიმართული პროცესი, რომლითაც უნდათ, ავნონ საკუთარ სამშობლოს, რომ ხელისუფლებაში დაბრუნდნენ“, – აცხადებს მიხეილ ყაველაშვილი.


ტელეკომპანია „პირველმა“ 6 მარტს გაავრცელა ჩანაწერები, რომელზეც, სავარაუდოდ, ბერა ივანიშვილი, პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი და სახელმწიფო დაცვის სამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძე ფიგურირებენ და გეგმავენ ანგარიშის გასწორებას მათთვის, ვინც სოციალურ ქსელებში ბერა ივანიშვილის მიმართ შეურაცხმყოფელ კომენტარებს წერდა.

ჩანაწერის ავთენტურობა დადგენილი არ არის, თუმცა ტელეკომპანიის ჟურნალისტები ამბობენ, რომ მათ ხელში ჩაუვარდათ 4 აუდიოჩანაწერი, რომელთაგან ირკვევა, რომ ბიძინა ივანიშვილის შვილი, ბერა ივანიშვილი ამჟამინდელ უმაღლესი თანამდებობის პირებს, სავარაუდოდ, ავალებს გაუსწორდნენ მის კრიტიკოსებს, მათ შორის არასრულწლოვანს.