რა შემთხვევაში დაინიშნებოდა ვადამდელი არჩევნები | ელისაშვილი „ოცნების“ შეთავაზებაზე

პუბლიკა

„მოქალაქეების“ ლიდერი, პარლამენტის დეპუტატი ალეკო ელისაშვილი საუბრობს იმ საკითხებზე, რომლებსაც მოლაპარაკებაზე ოპოზიცია და „ქართული ოცნება“ განიხილავდა.

კრისტიან დანიელსონის მედიაციით მიმდინარე პროცესი წუხელ უშედეგოდ დასრულდა. შეხვედრიდან გამოსულმა პოლიტიკოსებმა დეტალებზე საუბრისგან თავი შეიკავეს, შესაბამისად, საზოგადოებისთვის ბოლომდე ცნობილი არაა, რას განიხილავდნენ და რაზე ვერ შეთანხმდნენ ისინი.

ალეკო ელისაშვილი ამბობს, რომ ოპოზიციას, გარდა ვადამდელი არჩევნებისა და პლებისციტისა, მმართველი გუნდისთვის არაფერი შეუთავაზებია. ელისაშვილის ვერსიით, „ქართულმა ოცნებამ“ „გარკვეულ საკითხებზე“ უკან დაიხია.

„შეთანხმების სურვილი რეალური რომ ყოფილიყო, შეთანხმება შედგებოდა. ვადამდელი არჩევნების მოთხოვნა აღარ არის სერიოზული, განსაკუთრებით ეუთო/ოდირის დასკვნის შემდეგ. რეალობას უსწორებდე თვალს და მაინც ამას ჯიუტად ითხოვ, თან როდესაც შეგიძლია გამოგლიჯო „ქართულ ოცნებას“ მართლმსაჯულების რეფორმის საკითხი, შენ მაინც პლებისციტი და ვადამდელი დაგიჩემებია, ეს არის ჩვენთვის აუხსნელი.

…გულახდილად უნდა ვთქვა, რომ წინადადებები დადო მხოლოდ „ქართულმა ოცნებამ“, ოპოზიციის მხრიდან არაფერი წინადადება არ იყო, არაფერი. ან მაშინ დამისახელონ რაიმე წინადადება, რომელიც ოპოზიციის მხრიდან იყო, გარდა იმისა, რომ პლებისციტი, პლებისციტი, პლებისციტი, ან ვადამდელი. წინადადებები დადო „ქართულმა ოცნებამ“, რაღაცებზე უკან დაიხია, რაღაცებს ამბობდა, რომ უკან არ დაიხევდა, მაგრამ ოპოზიციის მხრიდან წინადადებები არ ყოფილა, ძალიან კარგი იქნებოდა, ყოფილიყო“, – ამბობს ის.

ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ იყო კომიტეტების თავმჯდომარეების განაწილების, საარჩევნო რეფორმირების საკითხი, ასევე, პოლიტიკური მართლმსაჯულების რეფორმირების საკითხი.

„პოლიტპატიმრების საკითხზე იყო სურვილი, რომ ეს მოლაპარაკების მიღმა გასულიყო, მაგრამ რაღაც გადაწყვეტის გზამდე მივსულიყავით. „ქართული ოცნების“ მხრიდან შემოთავაზებული იყო  საკითხი, რომ თუ თვითმმართველობის არჩევნებზე „ქართული ოცნება“ აიღებდა 40%-ზე ნაკლებს, მაშინ 2022 წელს დაინიშნებოდა ვადამდელი არჩევნები, მაგრამ ეს ყველაფერი გახდა მიუღებელი ოპოზიციისთვის“, – ამბობს ელისაშვილი.

მისი თქმით, „პარლამენტში ძალაუფლების გადანაწილების“ ფარგლებში იყო დათქმა, რომ ოპოზიცია ხელმძღვანელობდეს ორ კომიტეტს.

„ქართული ოცნება“ ამბობდა, რომ ამაზე იმსჯელებდა, დიდად არ მოსწონდათ ეს იდეა, მაგრამ ამბობდნენ, რომ მზად იყვნენ, ამაზე ემსჯელათ“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.


მოლაპარაკების დეტალებზე დღეს ზურაბ ჯაფარიძემაც დაწერა.

მისი თქმით, მოლაპარაკების მაგიდაზე „რეალურად არ იდო არაფერი“.

1. მოლაპარაკების მაგიდაზე არ იდო სრულად პროპორციული არჩევნები ბუნებრივი ბარიერით. ახლოსაც კი ვერ მივედით აქამდე;

2. მოლაპარაკების მაგიდაზე არ იდო საარჩევნო ადმინისტრაციის წესიერი დაკომპლექტების წესი;

3. მოლაპარაკების მაგიდაზე არ იდო არანაირი მართლმსაჯულების სისტემის რეფორმა. იდო არაფერი. ჰაერი;

4. მოლაპარაკების მაგიდაზე არ იდო არანაირი ძალაუფლების დანაწილების სისტემური ხედვა.