რა სხვაობაა აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულ და აკრძალულ პირთა სიას შორის და როგორ წარმოებს ის

პუბლიკა

1 მარტიდან დღემდე დამოკიდებულ პირთა სიაში 434 ფიზიკური პირი დარეგისტრირდა. აქედან მოსამართლის ბრძანების საფუძველზე 8 პირი, ხოლო თავად პირის მომართვის საფუძველზე 426, – ინფორმაციას ამის შესახებ შემოსავლების სამსახური ავრცელებს – უწყება, რომელიც სიის წარმოებაზეა პასუხისმგებელი.

კანონის მიხედვით, დამოკიდებულ პირთა სიის წარმოების წესის შესახებ შესაბამისი ბრძანება ფინანსთა მინისტრმა გამოსცა და ის ძალაში 1 მარტიდან შევიდა.

დამოკიდებული პირი არის ფიზიკური პირი, რომელსაც აქვს დაუძლეველი სურვილი და დამოკიდებულება აზარტულ ან/და მომგებიან თამაშობებზე.

დამოკიდებულ პირთა სიაში პირის შესახებ მონაცემები შეტანა ხდება – თავად პირის მიმართვის საფუძველზე, რომელიც შემოსავლების სამსახურს წარუდგენს განაცხადს და მოსამართლის ბრძანების საფუძველზე.

დამოკიდებულ პირთა სიაში პირის შესახებ მონაცემები შეიტანება 5 წლის ვადით.

საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, დამოკიდებულ პირთა სიასა და აკრძალულ პირთა სიაში შეყვანილი პირების აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ადგილზე სათამაშოდ ან/და თამაშობაში (მათ შორის, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილ აზარტულ ან მომგებიან თამაშობაში) მონაწილეობისთვის დაშვება აკრძალულია.

საქართველოს მთავრობის დადგენილებით, კი აკრძალული პირი არის:

ა) საბიუჯეტო ორგანიზაციაში დასაქმებული პირი (მათ შორის მსახელმწიფო მოსამსახურე, საჯარო მოსამსახურე, სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირი, პოლიტიკური თანამდებობის პირი);

ბ) მარეგულირებელ ორგანოში (კომუნიკაციების ეროვნული კომისია;  ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია) დასაქმებული პირი;

გ) საქართველოს ეროვნულ ბანკში დასაქმებული პირი;

დ) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის წევრი.

შემოსვლების სამსახურის განცხადებით, პირის მონაცემების აკრძალულ პირთა სიაში ასახვის გარემოებების გარკვევის მიზნით, შესაბამისმა პირებმა უნდა მიმართოთ შემოსავლების სამსახურის მოქალაქეთა მომსახურების სერვისცენტრებს ან ისარგებლოთ მოძრავი სერვისცენტრის – RS CAR მომსახურებით.

კანონში განხორციელებული ცვლილების თანახმად, 2022 წლის 1 მარტიდან თამაშობის ორგანიზატორი ვალდებულია:

  • არ დაუშვას მოთამაშის მიერ სხვა მოთამაშის სათამაშო ანგარიშებზე თანხის გადარიცხვა/გადატანა;
  • აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების მოწყობის ადგილზე, მათ შორის, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობის შემთხვევაში, სათამაშოდ არ დაუშვას 25 წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქე, 18 წლამდე ასაკის უცხო ქვეყნის მოქალაქე/მოქალაქეობის არმქონე პირი, დამოკიდებულ პირთა სიასა და აკრძალულ პირთა სიაში შეყვანილი პირები;
  • აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობის შემთხვევაში, მოთამაშის ვერიფიკაციის დღიდან ყოველწლიურად მოახდინოს პირის ხელახალი ვერიფიკაცია;

„რეკლამის შესახებ“  საქართველოს კანონის განხორციელებული ცვლილების შედეგად:

  • აიკრძალა აზარტულ და მომგებიან თამაშობებზე წამახალისებელი გათამაშების რეკლამის რაიმე ფორმით ან საშუალებით გავრცელება, ასევე სრულად აიკრძალა აზარტული და მომგებიანი თამაშობების შესახებ რეკლამის რაიმე ფორმით ან საშუალებით (მათ შორის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელით) გავრცელება. დასაშვები გახდა მხოლოდ:
  • იმ ვებგვერდზე, რომელზედაც დაშვებულია სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტული თამაშობის ან/და ტოტალიზატორის მოწყობა;
  • იმ ობიექტზე, სადაც დაშვებულია აზარტული თამაშობის, ტოტალიზატორის, ლოტოს და ბინგოს მოწყობა და ამ რეკლამის განთავსების ფართობი 10 კვადრატულ მეტრს არ აღემატება;
  • სპორტული ღონისძიების, სპორტული შეჯიბრების ან/და სპორტული ორგანიზაციის საქმიანობის სპონსორობის სანაცვლოდ;
  • საერთაშორისო მიმოსვლისთვის გახსნილ აეროპორტის ტერიტორიაზე ან/და სასაზღვრო-საბაჟო გამშვებ პუნქტზე.