რა თქვა მარგველაშვილმა საქართველოს შეიარაღებულ ძალებზე და რა შეფასება მოჰყვა ამას

პუბლიკა

საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი აცხადებს, რომ მას რეალური ჰგონია, საქართველო შეიარაღებული ძალებით დაეხმაროს რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ ომში.

ასე უპასუხა მან „TV პირველის“ ეთერში შეკითხვას, დარჩა თუ არა წითელი ხაზი, რომელიც „ოცნების“ ხელისუფლებას ჯერ არ გადაუკვეთავს დასავლეთთან და ქართველ ხალხთან მიმართებით.

„კი, რა თქმა უნდა. მე, სამწუხაროდ, რეალური მგონია, რომ ქართული სახელმწიფო შეიარაღებული ძალებით დაეხმაროს რუსეთს და ქართველ ჯარისკაცებს მოუწოდოს, წავიდნენ და იომონ უკრაინაში.

ხშირად ამბობენ, მე რომ რაღაცას ვამბობ, ამბობენ, რომ გადავამეტე ან რაღაც არასტანდარტული ვთქვი.

გაგახსენებთ ჩვენზე არანაკლებ გმირ ჩეჩენ ხალხს, რომლებმაც ძალიან მძიმე ომი იომეს და ამ ხალხის გენოციდი მოხდა. ამოწყვიტეს რუსებმა, ფაქტობრივად, ჩეჩნების დიდი პროცენტი და დღეს ჩეჩნეთის ახალგაზრდები, სავარაუდოდ, იმ გმირების შვილები, ამბობენ, რომ პუტინის მგლები არიან და გაწყვეტენ უკრაინელებს. არ არიან ჩეჩნები არც ჩვენზე მშიშრები, არც ჩვენზე მხდალები და არც ჩვენზე ნაკლებად მეომრები, მაგრამ ეს არის ბედის და ერის ტრაგედია.

აქედან გამომდინარე, რასაც მე კიდევ უფრო მძიმეს და მიუღებელს მოველი, ეს არის ქართული სახელმწიფოს პირდაპირი დახმარება რუსეთის ფედერაციისთვის ამ ომში უკრაინისა და სიკეთის წინააღმდეგ.

რომ შევხედოთ, პოლიტიკურად, მსოფლმხედვეობრივად, ისტორიულად დღეს ორი ხაზია. ერთი არის ბოროტება – ადამიანი, რომელიც მეორე სახელმწიფოს გენოციდს უწყობს და ბავშვებს და ქალებს ხოცავს, მეორე არის სიკეთის ბანაკი. ჩვენ ახლა ნამდვილად არ ვართ სიკეთის ბანაკში. ჯერჯერობით, არ ვართ პირდაპირ იქ. ყოველ შემთხვევაში, ამ რიტორიკას რომ ვუსმენ, ისინი არ ამბობენ, რომ არიან უკრაინისკენ ან არიან დასავლეთისკენ და თავიანთ ოცნებაში არიან იქეთ, რომ რუსეთი, რატომღაც, რაღაცნაირად გაიმარჯვებს ამ ომში“, – განაცხადა მან.

მარგველაშვილის თქმით, საქართველო ძალიან სჭირდება რუსეთს, რომელიც დარჩა მეგობრებისა და წარმატების გარეშე. მისი შეფასებით, პუტინისა და რუსეთის უძლეველობის იმიჯი დაიმსხვრა, ამ ვითარებაში კი საქართველო რუსეთისთვის „აბსოლუტური ამოსუნთქვაა“.

„საქართველო არის აბსოლუტური ამოსუნთქვა, რადგან საქართველო, ასე ძალიან, როგორც ისინი ამბობენ, ნათლად  და პრინციპულად აფიქსირებს, რომ ისინი დასავლეთთან არ არიან, საქართველო ნათლად აფიქსირებს, რომ უკრაინელების გვერდით კი არა, წინააღმდეგ არიან და საქართველო სააკაშვილით აფიქსირებს, რომ, აი, რა მაგარია ვოვა, 2008-ში დაჰპირდა და 2021-ში შეუსრულა“, – განაცხადა მარგველაშვილმა.

გიორგი მარგველაშვილის ეს განცხადება მწვავედ გააკრიტიკეს „ქართული ოცნების“ წევრებმა.

„სირცხვილია, რომ ამ კაცს ერქვა საქართველოს პრეზიდენტი სულ რამდენიმე წლის წინ. ეს ყველაფერი მართლა სირცხვილია“, – განაცხადა მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ.

მისი თქმით, როცა ყოფილი მთავარსარდალი ასეთ განცხადებებს აკეთებს, ეს მძიმე მოსასმენია.

პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, თავდაცვის ძალების გენშტაბის ყოფილმა ხელმძღვანელმა, ვლადიმერ ჩაჩიბაიამ „პირველ არხს“ განუცხადა, რომ ექსპრეზიდენტის განცხადება შეურაცხმყოფელია თითოეული ჯარისკაცისთვის, სახელმწიფოსა და საზოგადოებისთვის.

„როცა სახელმწიფოსა და ჯარს ადანაშაულებ პოტენციურ ღალატში, ეს წარმოუდგენელი რამეა. როცა უმაღლესი მთავარსარდალი იყო, როგორც ყოფილ პრეზიდენტს არ ეკადრება ასეთი განცხადებების გაკეთება. დილიდან, თავდაცვის ძალებიდან სატელეფონო ზარებს ვიღებ, მთელი სამხედრო საზოგადოება აღშფოთებულია. ვწუხვარ, რომ საქართველოს ჰყავდა ასეთი უმაღლესი მთავარსარდალი. მას ჩვენს სამხედროებზე წარმოდგენა არ ჰქონია. ჩვენი ჯარი არის ყველაზე ღირსეული, ვაჟკაცი და თავდადებული“, – განაცხადა მან.

„მძიმე განცხადებად“ შეაფასა მარგველაშვილის ნათქვამი ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თეონა აქუბარდიამ.

„მძიმე განცხადებაა მიუხედავად იმისა, რომ „ქართულ ოცნებას“ ქვეყანა დასავლეთისგან იზოლაციის მიმართულებით მიჰყავს, თუმცა, როცა საუბარია ქართველ ჯარისკაცებზე, სამხედროებზე, რომლებმაც 30 წლის განმავლობაში იომეს საქართველოსთვის, ასეთი განცხადება აზიანებს მათი ბრძოლის ჟინს ისევე, როგორც სულისკვეთებას საქართველოს თავისუფლებისა და სამსახურისთვის. ჩემი სურვილია, სამხედროებს ყველა მოვუფრთხილდეთ, წითელი ხაზები ყველამ უნდა დავიცვათ“, – განაცხადა აქუბარდიამ.

გიორგი მარგველაშვილი გააკრიტიკა „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმაც.

„ეს არის შეურაცხყოფა ჩვენი თავდაცვისა და შეიარაღებული ძალების, ვინც დღედაღამე მსახურობს და ქვეყნის სადარაჯოზე დგას. თან მათ შეურაცხყოფას აყენებს ყოფილი მთავარსარდალი. როგორ შეიძლება ისეთი რამის თქმა, რომ ცოტა ხანში ქართული ჯარი რუსეთის მხარეს იბრძოლებს. ეს პირიდან ქართველ კაცს როგორ უნდა ამოგივიდეს? მით უმეტეს, ასეთი სიტყვები როგორ უნდა თქვას ყოფილმა მთავარსარდალმა და ყოფილმა პრეზიდენტმა? არ ვიცი, ადამიანი იმაზე მეტად როგორ უნდა დაეცეს, რომ ქართულ ჯარზე თქვას ასეთი რამ. რომ წავიკითხე მარგველაშვილის ნათქვამი, თვალებს არ ვუჯერებდი. „ალტ ინფოში“ რომ ვიღაც სალახანები სხედან, ასეთ რამეს ისინი არ ამბობენ“, – აღნიშნა მან.