„რა უბედურებაში ვართ ჩაცვენილი“ - სააკაშვილი კულტურის სამინისტროსთან აქციას ეხმაურება

პუბლიკა

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რუსთავის ციხიდან სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს და კულტურის სამინისტროსთან მიმდინარე აქციას ეხმაურება.

„რომ შემეძლოს აუცილებლად შევუერთდებოდი ჩვენი საამაყო ინტელექტუალებისა და უბრალოდ წესიერი, პატიოსანი მოქალაქეების აქციას კულტურის სამინისტროსთან. რა უბედურებაში ვართ ჩაცვენილი.

ნიკა რურუა იყო კულტურის მინისტრი და მისი კარი ყოველთვის ღია იყო ყველაზე შეურიგებელი ოპონენტებისთვისაც კი. მახსოვს, როგორ სტკენდა ხოლმე მას გულს უსამართლო კრიტიკა იგივე ბაგრატის თემაზე, მაგრამ მისი ერთადერთი პასუხი იყო ხოლმე დამატებითი არგუმენტების მობილიზაცია და დიალოგი, კიდევ მეტი დიალოგი“, – წერს სააკაშვილი.

„დიდება პარტიას, კულტურის მტრების გამოვლენისთვის“, – კულტურის სამინისტროსთან ამ სლოგანით აქცია მიმდინარეობს. აქციის ორგანიზატორები ხელოვენების მუზეუმის გადარჩენის საინიციატივო ჯგუფის წევრები არიან.

სამინისტროსთან შეკრებილები კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში, ეროვნულ მუზეუმში და მასთან დაქვემდებარებაში არსებულ დაწესებულებებში რეორგანიზაციის და საშტატო ცვლილებების დაწყებას აპროტესტებენ, რის შემდეგადაც ათობით თანამშრომელი სამსამხურიდან გაათავისუფლდა.