რაღაცა გაჭირვება თუ იქნა, იძულებული გავხდებით, ყურის აწევის ფორმას მივმართოთ - კახაძე პირბადის ტარებაზე

პუბლიკა

უმრავლესობის დეპუტატი, ლადო კახაძე მოქალაქეებს პირბადის აქტიურად გამოყენებისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ მან პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ისაუბრა.

„ნიღაბი არ მოიცილოთ ცხვირ-ხახის ტერიტორიიდან… 42%-ზე ჩამოსულა [პირბადის ტარების მაჩვენებელი], როგორ ვამაყობდი, რომ 70%-ია და 90%-ზე თუ ავალთ, ძალიან დიდი შვება იქნება-მეთქი და 43%-ზე ჩამოვსულვართ ბოლო ინფორმაციით. ეს ძალიან საწყენია… არ შეგვშვენის ეს ამ ქვეყნის შვილებს – საქმის გაიოლება. როცა გადავხტებით, „ჰოპ“ მერე ვთქვათ.

ჩვენ საჯარიმო სანქციებიც გვაქვს, ამ მიმართულებით არ გამიმახვილებია ყურადღება ახლა, მაგრამ რაღაცა გაჭირვება თუ იქნა, იძულებული გავხდებით, რომ ყურის აწევის ფორმას მივმართოთ”, – განაცხადა კახაძემ.


პანდემიის ან/და ეპიდემიის დროს ღია ან დახურულ საჯარო სივრცეში პირბადის ტარების წესის დარღვევა 20 ლარით ჯარიმდება, განმეორებით შემთხვევაში 40 ლარით.