რამდენიმე მემანქანე სასუნთქ აპარატზეა, ერთი სამსახურში გახდა ცუდად - პროფკავშირების წარმომადგენელი

პუბლიკა

თბილისის მეტროს მემანქანეთა დამოუკიდებელი პროფესიული კავშირის „ერთობა 2013-ის“ თანადამფუძნებლის, ზაზა ბარბაქაძის ცნობით, 26 ნოემბრის საღამოს მდგომარეობით 70-მდე მემანქანეა ინფიცირებული და რამდენიმეს პასუხს კიდევ ელოდებიან. ამის შესახებ ბარბაქაძემ ფორმულას ეთერში, გადაცემა „ქალაქობანაში” საუბრისას განაცხადა. მისი ინფორმაციით, რამდენიმე მემანქანე ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა.

„საავადმყოფოებში წუხელაც გადაიყვანეს თანამშრომელი, ერთი სამსახურში გახდა ცუდად. ზოგი ითხოვს გადაყვანას და ადგილი არაა, ერთ-ერთ გამგეობის წევრს სახლში მივუტანეთ, პროფკავშირმა მოუმარაგა ჟანგბადის ბალონები ჩვენი ხარჯებით, რამდენიმესთან გვაქვს კომუნიკაცია, თუ საჭირო გახდება მივუტანთ ჟანგბადის ბალონებს”, – განაცხადა ზაზა ბარბაქაძე.

მისივე ცნობით, საბურთალოს ხაზიდან არცერთი მემანქანე არ არის გატესტილი ლუგარის ლაბორატორიაში, არამედ, მათ, ვინც სიმპტომურად თავი ცუდად იგრძნო, თავისი ხარჯებით გააკეთა ეს და გადავიდა თვითიზოლაციაში.

მანვე ისაუბრა მეტროპოლიტენში ვირუსის გავრცელების მიზეზებზეც და თქვა, რომ თავიდან, თანამშრომლების ტესტმა შეცდომით უარყოფითი აჩვენა, მათ მუშაობა გააგრძელეს და გახდნენ გამავრცელებლები.

„ჩვენივე მოთხოვნით შემოიტანეს ტესტები, რომელიც იყო ანტისხეულებზე, რეალურ შედეგს ეს ტესტი მე-5 მე-7 დღეს ავლენს. ადამიანებმა რომ გაიკეთეს სიმპტომიდან მე-2 დღეს ეს ტესტი, ტესტმა უარყოფითი პასუხი აჩვენა. ასეთი ადამიანები აგრძელებდნენ მეტროში მუშაობას და შესაბამიდან გამავრცელებლები გახდნენ. შემდეგ ჩვენი თავმჯდომარის მოთხოვნით გაკეთდა PCR ტესტებიც, თუმცა ვფიქრობ, რომ უკვე დაგიანებული იყო”, – ამბობს ბარბაქაძე.

„პუბლიკა“ დაუკავშირდა თბილისის სატრანსპორტო კომპანიას, სადაც გვითხრეს, რომ მათ ხელთ არსებული ბოლო მონაცემებით (25 ნოემბერი) ვირუსი დაუდასტურდა 25 მემანქანეს, თანამშრომლების ნაწილი, რომლებსაც სარისკო კონტაქტები ჰქონდათ, გადასული არიან თვითიზოლაციაში. კომპანიაში გვითხრეს, რომ მათი ორგანიზებით ტესტირების პროცესი ამ დრომდე მიმდინარეობს და ეტაპობრივად ყველა მემანქანეს ჩაუტარდება PCR-ტესტი.