რამდენიმე სკოლაში გამოვლინდა ვიდეოთვალთვალი ჰიგიენისთვის განკუთვნილ ადგილებში – ინსპექტორი

ქეთი გოგუაძე

სახელმწიფო ინსპექტორი, ლონდა თოლორაია, საქართველოს პარლამენტში, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის 2019 წლის ანგარიშს წარადგენს.

ანგარიშის მე-7 თავი არასრულწლოვანთა პერსონალური მონაცემების დამუშავებას შეეხება.

 

სკოლების შემოწმების შედეგები

► მოსწავლის ჩასარიცხად წარსადგენი აუცილებელი დოკუმენტების გარდა, ერთ-ერთი საჯარო სკოლა დამატებით ამუშავებდა მოსწავლეთა პერსონალურ მონაცემთა შემცველ ისეთ დოკუმენტაციას, რომელთა სკოლისათვის წარდგენას კანონმდებლობა არ ითვალისწინებს;

► ერთ-ერთ საჯარო სკოლაში ასეულობით მოსწავლის განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემების შემცველი პირადი საქმე ინახებოდა ღია ფორმით, სკოლის საქმისმწარმოებლის სამუშაო ადგილას, სადაც ხელი მიუწვდებოდათ სხვა პირებსაც. ეს ქმნიდა აღნიშნული მონაცემების უკანონო/შემთხვევითი დამუშავების რისკს;

რამდენიმე სკოლაში (როგორც საჯარო, ასევე კერძო) გამოვლინდა კანონის დარღვევით ვიდეოთვალთვალის ფაქტები:

მონიტორინგი ჰიგიენისათვის განკუთვნილ ადგილებში. ვიდეოსათვალთვალო კამერების ხედვის არეალში არ ხვდებოდა საპირფარეშო ოთახში განთავსებული კაბინების შიდა პერიმეტრი, არამედ მხოლოდ საპირფარეშო ოთახის ხელსაბანი და დერეფანი. აღნიშნული ტერიტორია სკოლებს არ მიაჩნდათ ჰიგიენისთვის განკუთვნილ სივრცედ და, ამდენად, ვიდეომონიტორინგს დარღვევად არ თვლიდნენ.

კანონი ჰიგიენისთვის განკუთვნილ სივრცეში გამონაკლისის სახითაც არ უშვებს მონაცემთა დამუშავებას. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა არ გაიზიარა სკოლის არგუმენტაცია, რომ საპირფარეშოებში ვიდეოკამერების განთავსება მოსწავლეთა უსაფრთხოებასა და თამბაქოს მოხმარების კონტროლს ემსახურებოდა. ჰიგიენისთვის განკუთვნილი ადგილი განსაკუთრებული პირადი სივრცეა. ის არ შეიძლება შემოიფარგლოს მხოლოდ საპირფარეშო კაბინების უშუალოდ შიდა პერიმეტრით.

პირის უფლება, გარეშე პირთა დაკვირვების გარეშე, თავისუფლად ისარგებლოს აღნიშნული სივრცეებით, მისი პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გარანტიაა. აქედან გამომდინარე, აღნიშნულ სივრცეებში მონაცემთა სუბიექტის მონიტორინგი ნებისმიერი მიზნით გაუმართლებლად ჩაითვალა;

► ერთ-ერთი კერძო სკოლის ადმინისტრაციამ, შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის (სასამართლოს განჩინება/პროკურორის დადგენილება) წარდგენის გარეშე, პოლიციის თანამშრომლებს გადასცა ამავე სკოლის სამეთვალყურეო კამერებით გადაღებული ვიდეოჩანაწერები, რომლებიც არასრულწლოვანთა პერსონალურ მონაცემებს ასახავდა;

► ერთ-ერთ კერძო სკოლაში მოსწავლეებს არ ჰქონდათ ინფორმაცია ვიდეოთვალთვალის შესახებ და არც შესაბამისი გამაფრთხილებელი ნიშნები იყო განთავსებული, კანონის შესაბამისად;

► ერთ-ერთ კერძო სკოლაში ვიდეოთვალთვალის შედეგად მოპოვებულ მონაცემებთან წვდომა არ რეგულირდებოდა სათანადო წესით. შესაბამისად, არსებობდა
მონაცემთა შემთხვევითი ან უკანონო დამუშავების რისკი.

სამართალდამცავი ორგანოები

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა შეისწავლა სამართალდამცავი ორგანოების მიერ არასრულწლოვანთა პერსონალური მონაცემების დამუშავების პროცესი.

საქართველოს გენერალური პროკურატურის შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ მკაფიოდ და ნათლად არ არის განსაზღვრული არასრულწლოვანთა იმ პერსონალური მონაცემების შენახვის ვადა, რომლებსაც პროკურატურა განრიდების მიზნით იყენებს. პროკურატურას დაევალა შენახვის ვადების განსაზღვრა;

სახელმწიფო ინსპექტორის განმარტებით, განრიდებასთან დაკავშირებული მონაცემები განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებია და მათი კანონის დარღვევით დამუშავება მომეტებულად სარისკოა.

► ინსპექტორის სამსახურმა შეისწავლა, რამდენად კანონიერად ამუშავებს სპეციალური პენიტენციური სამსახური, მსჯავრდებულ დედებთან ერთად, პენიტენციურ დაწესებულებაში მცხოვრები 3 წლამდე არასრულწლოვნის მონაცემებს.

ქალი მსჯავრდებულის მოთხოვნით, 3 წლამდე ბავშვის პენიტენციურ დაწესებულებაში განთავსება მოითხოვს არასრულწლოვნის პერსონალური, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების დამუშავებას.

მონაცემთა დამუშავების საფუძველი, ძირითად შემთხვევაში, მსჯავრდებული დედის წერილობითი თანხმობაა, რაც ყოველთვის სრულყოფილი არ ყოფილა. ასევე დადგინდა, რომ არ იყო განსაზღვრული მსჯავრდებულ დედასთან მცხოვრები არასრულწლოვნის სამედიცინო დოკუმენტაციის შენახვის კონკრეტული ვადა.

სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს მიეცა რეკომენდაცია, შეიმუშაოს წერილობითი თანხმობის სხვადასხვა ფორმა, რომელთა გამოყენებითაც მსჯავრდებული დედები თანხმდებიან საკუთარი არასრულწლოვანი შვილის პერსონალური მონაცემების დამუშავებას.

ანგარიშის მიხედვით, ერთ-ერთ გამოწვევად რჩება სამართალდამცავი ორგანოების მიერ არასრულწლოვანთა მონაცემების გასაჯაროება. გამოვლენილ შემთხვევათა უმრავლესობა შეეხება არა სახელისა და გვარის გასაჯაროებას, არამედ ფართო საზოგადოებისათვის ისეთი მონაცემების მიწოდებას, რომელთა ერთობლიობაც არასრულწლოვნის იდენტიფიკაციის შესაძლებლობას იძლევა (მაგალითად, არასრულწლოვნის ასაკისა და დანაშაულის ჩადენის კონკრეტული ადგილის (სოფლის, რაიონის) მითითება; ვიდეოჩანაწერზე აღბეჭდილი ბავშვის ტანსაცმლის გამოჩენა ან სხვა). ინფორმაციის გასაჯაროებამ მსხვერპლი ან ბრალდებული არასრულწლოვნის შესახებ შესაძლოა მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს მას. შესაბამისად, აუცილებელია, სამართალდამცავი ორგანოები განსაკუთრებული სიფრთხილით მოეკიდონ არასრულწლოვანთა პერსონალური მონაცემების გასაჯაროებას.

რეკომენდაციები

ნსპექტორის რეკომენდაციით, არასრულწლოვანთა ინტერესების დასაცავად, საჭიროა, კერძო და საჯარო დაწესებულებებმა:

► გაწერონ წესები, რომლითაც დარეგულირდება არასრულწლოვანთა პერსონალური მონაცემების დამუშავების (მათ შორის, გასაჯაროების) საკითხები;

► დაამუშაონ არასრულწლოვანთა პერსონალური მონაცემები მხოლოდ მკაფიო ლეგიტიმური მიზნის არსებობის შემთხვევაში და მხოლოდ იმ მოცულობითა და ვადით, რაც საჭიროა ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად;

►მიიღონ ყველა საჭირო ორგანიზაციულ-ტექნიკური ზომა, რათა არასრულწლოვანთა პერსონალური მონაცემები დაიცვან შემთხვევითი ან უკანონო განადგურებისაგან, შეცვლისაგან, გამჟღავნებისაგან, მოპოვებისაგან, ნებისმიერი სხვა ფორმით უკანონო გამოყენებისა და შემთხვევითი ან უკანონო დაკარგვისაგან;

► მიიღონ ყველა საჭირო ზომა, რათა არასრულწლოვანთა პერსონალური მონაცემების დასამუშავებლად კანონიერი წარმომადგენლის გაცემული თანხმობა აკმაყოფილებდეს ყველა მოთხოვნას მისი კანონიერად მიჩნევისათვის.


ანგარიშში აღნიშნულია, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა შეისწავლა არასრულწლოვანთა მონაცემების დამუშავების მდგომარეობა სხვადასხვა სფეროში. განსახილველი შემთხვევები სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა შეარჩია, როგორც საკუთარი ინიციატივით, ასევე მოქალაქეების/დაინტერესებული პირების მომართვის საფუძველზე.

დოკუმენტის მიხედვით, შესწავლილია 2019 წელს არასრულწლოვანთა პერსონალური მონაცემების დამუშავების 13 შემთხვევა (აქედან 9 ეხებოდა მონაცემთა დამუშავებას საჯარო სექტორში (მათ შორის 3 – სამართალდამცავ ორგანოებში), ხოლო 1 – კერძო სექტორში).

ჯამში, გამოვლინდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის 9 ფაქტი. ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაეკისრა 1 კერძო და 6 საჯარო სკოლას (რამდენიმე მონაცემთა დამმუშავებელს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაეკისრა ერთზე მეტი დარღვევისთვის). რაც შეეხება სამართალდამცავ ორგანოებს, ანგარიშის მიხედვით, შესწავლილ საქმეებში მათი მხრიდან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტი არ გამოკვეთილა, თუმცა, გარკვეულ ნაკლოვანებათა აღმოფხვრის მიზნით, მიეცათ დავალებები და რეკომენდაციები.

ანგარიშს სრულად გაეცანით ბმულზე.