რას ამბობს ექსპერტი, რომელიც ლაშქარავას საქმეზე ეროვნული ბიუროს დასკვნას ხელს აწერს

პუბლიკა

ექსპერტი ალექსანდრე გეჯაძე, რომელიც ლექსო ლაშქარავას საქმის ექსპერტიზაში „TV პირველის“ მოთხოვნით მონაწილეობდა, ამბობს, რომ მან ხელი მოაწერა და ეთანხმება ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნას.

ექსპერტიზის ბიუროს დასკვნის ნაწილი გუშინ შინაგან საქმეთა სამინისტრომ მას შემდეგ გაასაჯაროვა და მედიას მიაწოდა, რაც ცნობილი გახდა, რომ UNESCO-მ ლექსო ლაშქარავა 2021 წელს მოკლული ჟურნალისტების სიაში შეიყვანა. 

ალექსანდრე გეჯაძემ დღეს პრესკონფერენციაზე ლექსო ლაშქარავას საქმეზე მომზადებული ეროვნული ბიუროს დასკვნასა და ექსპერტიზის პროცესზე ისაუბრა.

მან თქვა, რომ დასკვნას ხელი მოაწერა 30 დეკემბერს, თუმცა დამკვეთისთვის – „TV პირველისთვის“ არ მიუწოდებია დასკვნის შესახებ ინფორმაცია, რადგან, როგორც ამბობს, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ამის უფლება არ ჰქონდა.

დასკვნის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდა ასევე გამოძიებაში ლექსო ლაშქარავას ოჯახის ინტერესების დამცველ ორგანიზაცია – საიას.

რას ამბობს ალექსანდრე გეჯაძე?

როგორც ექსპერტი ამბობს, მან მიიღო მონაწილეობა ლექსო ლაშქარავას ცხედრის გამოკვლევაში ტელეკომპანია „პირველის“ მიმართვის საფუძველზე. მას ჰქონდა ნებართვა გამოძიებისგან და ჩაერთო პროცესში.

ალექსანდრე გეჯაძის თქმით, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ცხედრის გამოკვლევისა და ექსპერტიზის პროცესის ფოტო-ვიდეო გადაღება მიმდინარეობდა.

„ასევე სრულად ამ გამოკვლევის პროცესს ჩემთან ერთად ესწრებოდა საიას იურისტი და მისი წარმომადგენელი, რომელთანაც გვქონდა ვერბალური კომუნიკაცია და ჩემი მხრიდან განმარტებები კეთდებოდა პროცესში. არანაირი კითხვის ნიშნებს საიას მხრიდან, გამოკვლევის მაკროსკოპულ პროცესზე მაქვს საუბარი, არ ჰქონია“, – ამბობს ალექსანდრე გეჯაძე.

ექსპერტი ამბობს, რომ მან სხვადასხვა ლაბორატორიული კვლევის შედეგად მიღებული ინფორმაცია დეტალურად შეისწავლა, მათ შორის მისივე ცენტრის, „ვექტორის“ ექსპერტებთან ერთად.

„მე პირადად, მივედი საბოლოო დასკვნამდე, რომ კონკრეტულ შემთხვევაში ლექსო ლაშქარავას სიკვდილის მიზეზია ნარკოტიკული საშუალების მოხმარებით განპირობებული ზოგადი ინტოქსიკაცია ორგანიზმის, რამაც შედეგად განაპირობა გულ-სისხლძარღვთა მწვავე და სუნთქვის მწვავე უკმარისობა. შესაბამისად, ამ ფაქტორების გათვალისწინებით დადგა სავალალო შედეგი-ფატალური გამოსავალი “, – ამბობს ალექსანდრე გეჯაძე.

რაც შეეხება დაზიანებებს, რომელიც ლექსო ლაშქარავამ 5 ივლისს მიიღო, ალექსანდრე გეჯაძე ამბობს, რომ ეს ტრამვები „იზოლირებულად აღებული არ წარმოადგენს სიცოცხლისთვის სახიფათო ტრამვას. ის მიეკუთვნება ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანებას”.

ის ამბობს, რომ გამორიცხულია ამ დაზიანებებს რაიმე კავშირი ჰქონდეს დამდგარ შედეგთან.

„მიზეზ-შედეგობრივ კავშირზე რაიმე დასკვნების გამოტანა ამ ტრავმასა და დამდგარ შედეგს შორის საფუძველს მოკლებულია, ამავდროულად ხელის შეწყობის ფონიც გამორიცხულია.

რაც ნიშნავს იმას, რომ ამ ტრავმის ნარჩენმა მოვლენებმა ხომ არ დაამძიმა ან ხომ არ შეუწყო ხელი ფატალურ გამოსავალს, ცალსახად გამოვრიცხავ, გამომდინარე თუნდაც იქედან, რომ  მძიმე ტრამვას ადგილი არ ჰქონია“, – ამბობს ალექსანდრე გეჯაძე.

ჟურნალისტების შეკითხვაზე, რატომ არ მიაწოდა ინფორმაცია დასკვნის შესახებ დამკვეთს, ალექსანდრე გეჯაძემ თქვა, რომ დამკვეთი იყო სახელმწიფო სტრუქტურა, გამოძიება, შემსრულებელი კი სამხარაულის საექსპერტო ცენტრი.

„მე ვიყავი კომისიაში მოწვეული და ჩართული. დამკვეთი გამოძიება იყო, სანამ გამოძიება არ გამოამზეურებდა, არ გამოაქვეყნებდა ამ ინფორმაციას, უფლება არ მქონდა რაიმე ინფორმაცია მიმეცა ჩემი დამკვეთისთვის. მე კანონის ფარგლებში მოვიქეცი, ამ ინფორმაციის დამალვის არანაირი ინტერესი და მიზანი არ მქონია“, – ამბობს ის.

რას ამბობენ „TV პირველში“?

ექსპერტის პრესკონფერენციის შემდეგ ტელეკომპანია „პირველის“ დამფუძნებელმა, ვატო წერეთელმა გაავრცელა ინფორმაცია. ის ამბობს, რომ ექსპერტმა დასკვნის შესახებ ინფორმაცია დამკვეთს დაუმალა.

„ლექსოს საქმეში ექსპერტი გეჯაძე დაიქირავა „ტვ პირველმა“, ხელშეკრულება გააფორმა „ტვ პირველთან“. ბატონი გეჯაძე ახლა ამტკიცებს, რომ 30 დეკემბერს ლექსოს სიკვდილის მიზეზებზე ხელი მოაწერა სახელმწიფო ექსპერტიზის (სამხარაულის) საბოლოო დასკვნას, თუმცა ეს დასკვნა დამკვეთს დაუმალა.

დასკვნას ხელი მოეწერა 30-ში, არ გვითხრა არც იმ დღეს არც, 3, 4, 5, 6 იანვარს. ამ ფურცლის არსებობის ამბავი გავიგეთ გუშინ სამთავრობო მედიის ვებგვერდიდან.

ჩვენთვის ჩვენივე დაქირავებულ ექსპერტს არ უცნობებია არც ექსპერტიზის დასრულების და არც დასკვნაზე ხელმოწერის შესახებ.

ეს ყველაფერი ბადებს გონივრულ ეჭვს რომ „დასკვნა“ სასწრაფოდ შეთხზეს, უკანა თარიღით, მას შემდეგ, რაც იუნესკომ ლექსო მოკლული ჟურნალისტების სიაში შეიყვანა“, – წერს ვატო წერეთელი.


„TV პირველის“ ოპერატორი 2021 წლის 11 ივლისს გარდაცვლილი იპოვეს. მას 5 ივლისს ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფები სასტიკად გაუსწორდნენ.

თავდასხმის შემდეგ ლექსო ლაშქარავას დაზიანებული ჰქონდა სახის ძვლები და ჩაუტარდა ქირურგიული ოპერაცია.

ლაშქარავას გარდაცვალების შემდეგ მედიაორგანიზაციები, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, აქტივისტები და ოპოზიციონერი პოლიტიკოსები მთავრობის პასუხისმგებლობის საკითხს აყენებენ და მოითხოვენ პრემიერისა და შს მინისტრის გადადგომას.

ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება. ოპერატორზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებულია 5 პირი.