რას სასჯელს ითვალისწინებს კოდექსი - პროკურატურამ მიშა მშვილდაძეზე თავდამსხმელს ბრალი წარუდგინა

პუბლიკა

პროკურატურამ ტელეკომპანია „ფორმულას“ ერთ-ერთი დამფუძნებლის, მიშა მშვილდაზის მიმართ ჩადენილი ძალადობის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

ბრალდებული ნიკოლოზ გუგეშაშვილი 28 ივნისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარედგინა (ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია).

(ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ).

მოქალაქე ნიკოლოზ გუგეშაშვილმა გუშინ  სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც ამტკიცებს, რომ „ფორმულას“ ერთ-ერთ დამფუძნებელს, მიშა მშვილდაძეს მან სცემა. ის წერს, რომ არსად დამალვას არ აპირებს.

„მე ვარ ნიკოლოზ გუგეშაშვილი, გლდანელი კაცი, 4 შვილის მამა. გუშინ ვიყავი ვაჟა ფშაველაზე, კარფურთან, სადაც ვცემე მიშა მშვილდაძე. ცემის მიზეზია ის რომ ეკლესიას მოიხსენიებს კრიმინალად და იძახის რომ ჯვარი არის ძალადობის სიმბოლო, აგინებს პატრიარქს, ქართველ ერს და იცავს მამათმავლებს, ასევე ფეისბუქით გვაგინებს მე და ჩემს მეგობრებს. ამიტომაც მოხვდა. არსად დამალვას არ ვაპირებ შინაგან საქმეთა სამინისტრო / Ministry of Internal Affairs of Georgia“, – წერია სტატუსში.

მიშა მშვილდაძეს თავს 27 ივნისს დაესხნენ.


კიდევ ერთი შემთხვევა, რომლის შემდეგაც სავარაუდო თავდამსხმელმა სოციალურ ქსელში აღიარა თავისი ქმედება, 17 ივნისს მოხდა.

გორში „გირჩი მეტი თავისუფლების“ ლიდერს, ზურა ჯაფარიძეს დაესხნენ თავს. მოგვიანებით, გორში მცხოვრებმა სოსო მაისურაძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ჯაფარიძეს ფიზიკური შეურაცხყოფა სწორედ მან მიაყენა.

„მოგესალმებით მე ვარ სოსო მაისურაძე, გორელი კაცი. ჩემს მიერ იცემა ზურა ჯაფარიძე, იცემა ჩვენი შვილების გარყვნისათვის, იცემა პატრიარქის და ეკლესიის შეურაცხყოფისათვის და იცემა იმ საქციელისათვის, როდესაც შიშველი უკანალები აჩვენეს მტერს… არსად დამალვას არ ვაპირებ. ვარ ჩემს მეობართან გორში და ვიყენებ მის ფეისბუქგვერდს“, – ეწერა მის პოსტში.