თბილისში, „რატის ბარში“ მომხდარი მკვლელობის საქმეზე ბრალდებულ ორივე პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
პროკურატურა ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას მოითხოვდა.
განზრახ მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი, გიორგი ბარდაველიძე ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი დუმილის უფლებას იყენებს.
ერთ პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა ხულიგნური ქვენაგრძნობით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე, ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მეორე ბრალდებულს კი ბრალდება წარდგენილი აქვს სსკ-ის 376-ე მუხლის მეორე ნაწილით (დანაშაულის შეუტყობინებლობა), რაც სასჯელის სახედ და ზომად 3-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიების ინფორმაციით, 11 მაისს, დაახლოებით 05:30 საათზე, თბილისში, ბარათაშვილის ქუჩაზე მდებარე „რატის ბარში“, ბრალდებულმა დაზარალებულს დანით სხეულის სხვადასხვა არეში ჭრილობები მიაყენა. დაზარალებული მიყენებული დაზიანებების შედეგად შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა.
რაც შეეხება მეორე ბრალდებულს, პროკურატურის ცნობით, ის დანაშაულის ჩადენისას იმყოფებოდა შემთხვევის ადგილზე და იცოდა, რომ ჩადენილი იყო განსაკუთრებით მძიმე დანაშაული – განზრახ მკვლელობა – აღნიშნულის შესახებ კი სამართალდამცავ ორგანოებს არ შეატყობინა.