რატომ არ დაუჭირა „ოცნებამ" მხარი უკრაინელი კანდიდატის არჩევას „PACE"-ის პრეზიდენტად

პუბლიკა

დღეს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) თავმჯდომარის არჩევნები გაიმართა.

„ქართულმა ოცნებამ” მხარი დაუჭირა მოქმედ პრეზიდენტს ტინი კოქსს.

არჩევნებში მონაწილეობას უკრაინის წარმომადგენელიც იღებდა, თუმცა ქართულმა ოცნებამ მის მხარდაჭერაზე უარი თქვა.

„ჩვენ მხარი დავუჭირეთ ტინი კოქსის ხელახლა არჩევას.

იყო ალტერნატიული კანდიდატი, თუმცა, ჩვენ არსებითად მხარი დავუჭირეთ იმ პრაქტიკის გაგრძელებას, რომელიც ჩამოყალიბებულია ასამბლეაში. ალტერნატიული კანდიდატი იყო ბატონი მერეჟკო, უკრაინის წარმომადგენელი, რომელიც ჩართული იყო ჩვენთვის აბსოლუტურად მიუღებელი ცვლილებების მიღებაში.

საუბარია ცვლილებებზე, რომელიც უკავშირდებოდა სააკაშვილის გვარის ჩასმას წინა რეზოლუციაში, წინა სესიაზე, რაც ჩვენთვის იყო კატეგორიულად მიუღებელი. ეს არის ერთ-ერთი ფაქტორი, რატომაც ჩვენ მხარი არ დავუჭირეთ მის კანდიდატურას“ – თქვა მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ.