„ორსულთა სიკვდილიანობა არის ერთ-ერთი ინდიკატორი ქვეყნისა და ჯანდაცვის სისტემის განვითარების“, – განაცხადა „დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის“ ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ.
მისი თქმით, კოვიდის პერიოდში მოიმატა ორსულების გარდაცვალების შემთხვევებმა. წელს საქართველოში გარდაცვალების 8 შემთხვევა დადასტურდა, მეცხრე კი შესწავლის სტადიაშია. შედარებისთვის, შარშან ორსულის გარდაცვალების 1 შემთხვევა აღირიცხა.
„დაგვიანდა ორსულთა აცრა. ორსულთა აცრა დაშვებულია 3 ვაქცინით „ფაიზერი“, „მოდერნა“ და „ასტრაზენეკა“ და იქაც გაფრთხილებაა, რომ იყოს შეთანხმება ორსულს, ექიმსა და ოჯახს შორის, იმიტომ, რომ უნდა აეხსნას კარგად, რომ აცრა იცავს.
ჩინურ ვაქცინებს, ჯერჯერობით, უწერიათ, რომ კვლევა არ არის ჩატარებული და ამიტომ ჩვენ ვერ ავცრიდით ორსულებს ჩინური ვაქცინებით.
მოგეხსენებათ, ფაიზერის მნიშვნელოვანი დოზები ქვეყანაში შემოვიდა ივლისის ბოლოს, ამიტომაც, სამწუხაროდ, ვერ დავიწყეთ ორსულთა აცრა. ასტრაზენეკაზე ქვეყანაში დაწესებულია ასაკობრივი ზღვარი, 45 წელი, ანუ რეპროდუქციული ასაკის ზედა ზღვარი.
ასევე ძალიან დიდი სიფრთხილეა საჭირო თვითონ ორსული ქალებისა და მეან-გინეკოლოგების. სამწუხაროდ, ბევრი ჩემი კოლეგა არ ურჩევს ორსულებს აცრას, არადა, აუცილებელია, რომ აიცრან.
ორსული მომატებული რისკია ყოველგვარი ინფექციური დაავადებისას. იცით, რომ გრიპზე აუცილებელია აცრა და ვცრით. ასევე აუცილებელია, რომ ისინი აიცრან „ფაიზერით“, – განაცხადა გამყრელიძემ.