რეაბილიტაცია დასრულდა - რა გაკეთდა მელიქიშვილის გამზირზე

პუბლიკა

მელიქიშვილის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. განახლებული გამზირი დღეს დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ დაათვალიერა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

„როგორც საზოგადოებას დავპირდით, 4 დეკემბერს სამუშაოები დასრულდა. ეს მიდგომა სხვა გამზირებსა და ქუჩებზეც გაგრძელდება. სამწუხაროდ, ბევრი ქუჩაა  რთულ მდგომარეობაში, საჭიროებს განახლებას თავისი მიწისქვეშა კომუნიკაციებით, ყველა მათგანზე გაგრძელდება მსგავსი მიდგომები, იმისთვის, რომ თბილისის ყველანაირად მოწესრიგდეს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მერიის ცნობით, პროექტის ფარგლებში, მელიქიშვილის გამზირზე – ვარაზისხევიდან ჭოველიძის ქუჩამდე, ასევე, თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზის წინ და ვერის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე რეაბილიტირდა მიწისქვეშა და მიწისზედა საკომუნიკაციო ქსელები, მოეწყო სანიაღვრე და გარე განათების ახალი ქსელები, დამონტაჟდა თანამედროვე, LED სანათები, მოეწყო მიწისქვეშა  ურნები. ასევე, მიწის ქვეშ განთავსდა საჰაერო კაბელები. ჰიდროიზოლაციის სამუშაოები ჩატარდა თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზის მიმდებარე  მიწისქვეშა გადასასვლელში, ბუნებრივი ქვის ფილებით მოპირკეთდა ტროტუარი, გზის სავალ ნაწილზე კი სამფენიანი ასფალტის საფარი დაიგო.

მერიის ცნობით, ფეხით მოსიარულეების უსაფრთხო გადაადგილებისთვის მოეწყო სატრანსპორტო კუნძულები, ახალი მოსაცდელები და ზებრა გადასასვლელები, გამოიყო სპეციალური ზოლი საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის, გამზირზე  არსებული ინფრასტრუქტურა ადაპტირდა შშმ პირებისთვის, ჩატარდა გამწვანების სამუშაოები და დაირგო სხვადასხვა სახის ხე-მცენარეები.

მერიაში ამბობენ, რომ მელიქიშვილის გამზირზე მსგავსი საფუძვლიანი სარეაბილიტაციო სამუშაოები პირველად განხორციელდა.