„რეალური საფრთხე“ | როგორ აფასებენ არასამთავრობო ორგანიზაციებში ევროპარლამენტარების განცხადებას

პუბლიკა

სამოქალაქო სექტორი ევროპარლამენტარების გუშინდელ განცხადებას აფასებს. ისინი ამბობენ, რომ განცხადება საკმაოდ სახიფათო გზავნილია ქვეყნის ევროპული მომავლისთვის.

„TV პირველთან“ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ხელმძღვანელი ეკა გიგაური აცხადებს, რომ პირველ რიგში მმართველი პარტიის პასუხისმგებლობაა როგორ გამოვა ქვეყანა ამ კრიზისიდან.

„ეს არის ძალიან რეალური საფრთხე. ჩვენ რომ შევხედოთ ვინ აწერს ამ განცხადებას ხელს, ვნახავთ რომ აქ არიან სხვადასხვა პოზიციების მქონე ევროპარლამენტარები, რომლებიც გასული წლების განმავლობაში ძალიან მკაცრი პოზიციებითაც იყვნენ წარმოდგენილები „ქართული ოცნებასთან“ მიმართებაში.

„ოცნება“ უნდა დაფიქრდეს საითკენ მიჰყავთ ეს ქვეყანა და მათი პასუხისმგებლობაა პირველ რიგში ეს თუ როგორ გამოვალთ ამ კრიზისიდან.  ჩვენ ვიზიარებთ ჩვენი დასავლელი პარტნიორების მოსაზრებას, რომ ის რაც ხდება ქვეყანაში არის რუსეთის ინეტრესებში, “- ამბობს ეკა გიგაური.

საიას თავმჯდომარე ნიკა სიმონიშვილი კი მიიჩნევს, რომ ეს განცხადება ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი შეიძლება იყოს ევროკავშირის უარის საქართველოსთან პარტნიორაბაზე.

„ევროკავშირი უარს იტყვის ჩვენთან პარტნიორობაზე და ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი იქნება სწორედ ეს განცხადება. ეს არის ერთგვარი გზავნილი იმისთვის, რომ თუ ასე გააგრძელებენ პოლიტიკური ლიდერები, ძალიან ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდება ჩვენი ქვეყანა და ფაქტობრივად, ევროპულ მომავალს ვართმევთ მას. ეს ნიშნავს, ერთადერთს, რომ ჩვენ უკან დავბრუნდებით საბჭოთა კავშირში, “- ამბობს ის.


1 აპრილს გავრცელდა ევროპარლამენტარების განცხადება საქართველოში დანიელსონის მედიაციით ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ჩაშლილი მოლაპარაკების შესახებ.

7 ევროპარლამენტარის ერთობლივი განცხადება აკრიტიკებს ქართველ პოლიტიკოსებს, რომ ვერ შეძლეს კომპრომისზე წასვლა და შეთანხმების მიღწევა.

განცხადებაში ნათქვამია, რომ ჩაშლილ მოლაპარაკებებს ევროკავშირისგან შედეგები მოჰყვება. მათ შორის, ევროპარლამენტი მოითხოვს საქართველოსთვის ფინანსური დახმარების შეზღუდვას, ხოლო ქართველ პოლიტიკოსებს აღარ უნდა ჰქონდეთ ევროკავშირთან ძველებურად ურთიერთობის გაგრძელების იმედი.