„რეზოლუციის ტექსტზე წუხილი გავუზიარეთ ელჩს“ | ოპოზიციური პარტიები უკრაინის ელჩს შეხვდნენ

პუბლიკა

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები უკრაინის ელჩს შეხვდნენ.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, თინა ბოკუჩავას განცხადებით, უკრაინის ელჩს გაუზიარეს წუხილი იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს პარლამენტი აპირებს, მიიღოს რეზოლუცია, რომელშიც არაა ნახსენები რუსეთის შესაძლო სამხედრო აგრესია და ოკუპაცია.

ბოკუჩავამ აღნიშნა, რომ ოპოზიცია რეზოლუციაზე მუშაობას გააგრძელებს, „ოცნების“ პროექტს კი ენმ და სხვა ოპოზიციური პარტიები მხარს არ დაუჭერენ.

„ხელისუფლების ხანგრძლივი დუმილის შემდეგ, ოპოზიციამ შესთავაზა მათ მთელი რიგი ერთობლივი ინიციატივები უკრაინასთან მიმართებაში, მაგრამ სამწუხაროდ ჩვენ მივიღეთ რეზოლუციის ტექსტი, სადაც ნახსენებიც კი არ არის რუსეთი. ეს ტექსტი გაუარესდა შეხვედრიდან შეხვედრამდე, როდესაც საერთოდ ამოიღეს რუსეთი, არ არის ხსენება ოკუპაციის, არ არის ხსენება შესაძლო სამხედრო აგრესიის და საუბარია, შესაძლო ესკალაციაზე, რომელსაც შეუძლია პასუხისმგებლობის გადანაწილება მოახდინოს თანაბრად, მათ შორის, რუსეთსა და უკრაინას შორის, რაც არის კატეგორიულად მიუღებელი. ჩვენ გავუზიარეთ ეს წუხილები უკრაინის ელჩს და მას ძალიან კარგად ესმის, რომ ეს წუხილები არის ლეგიტიმური, ამიტომ ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად იმისთვის, რომ რეზოლუციის ტექსტი შეიცვალოს და ასახული იყოს რეალურად მასში საქართველოს, ისევე როგორც უკრაინის ინტერესები“, – განაცხადა ბოკუჩავამ.

„ლელოს“ წევრის, გრიგოლ გეგელიას შეფასებით, რეზოლუციის ტექსტი „ქართული ოცნების კაპიტულანტური საგარეო პოლიტიკის გაგრძელებაა“.

„ეს არის ჩვენთვის ფუნდამენტურად მიუღებელი და მცდარი ვარიანტი. ჩვენ ინტერფრაქციულ ოპოზიციურ ფორმატში ვმუშაობთ, როგორ მივაღწიოთ უკეთესი ვარიანტის მიღებას“, – განაცხადა გეგელიამ

„რესპუბლიკელების“ ლიდერის, ხათუნა სამნიძის განცხადებით, ელჩთან საუბრისას ხაზი გაუსვეს, რომ უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის ტექსტი არ გამოხატავს არც ოპოზიციისა და არც ქართველი ხალხის პოზიციას.

„ევროპული საქართველოს“ წევრის, გიგი წერეთლის განცხადებით, უკრაინის ელჩთან შეხვედრაზე მოისმინეს პარტნიორი ქვეყნის ელჩის თვალთახედვა, თუ როგორ შეიძლება განვითარდეს პროცესები.

„გამოხატეს დიდი მადლიერება იმის გამო, რომ ქართული საზოგადოება ასე აქტიურად არის ჩართული სოლიდარობის პროცესში, ჩვენი აქცია იყო გუშინ რამდენიმე კიდევ სხვა და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უკრაინა გრძნობდეს მხარდაჭერას საქართველოსგან, ჩვენი ქვეყნისთვისაც მნიშვნელოვანია აქტიურად იყოს ჩართული ამ პროცესში, სამწუხაროდ სახელმწიფო და მისი პირველი პირები არ არიან აქტიურები ამგვარი ქვეცები არ იქნება კარგის მომტანი საქართველოსთვის საერთაშორისო სარბიელზე.“ – განაცხადა წერეთელმა.

შეხვედრების პარალელურად, საელჩოსთან აქტივისტები უკრაინის  მხარდამჭერ აქციას მართავდნენ.


„ქართული ოცნება“ პარლამენტში არეგისტრირებს უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის პროექტს, რომელსაც, როგორც ცნობილია, ოპოზიციის მხარდაჭერა არ აქვს.

26 იანვარს „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციურ ფრაქციებს შორის ორი შეხვედრა გაიმართა, რომლის შემდეგ ოპოზიციონერმა დეპუტატებმა განაცხადეს, რომ „ქართული ოცნების“ წარმოდგენილი პროექტის თანაავტორები ვერ იქნებიან, რადგან რეზოლუციის ტექსტში, რუსეთის როლი ხაზგასმული არ არის.

ოპოზიცია ახლა მსჯელობს, რა ფორმით გამოხატავს უკრაინის მხარდაჭერას – წარმოადგენს ალტერნატიულ რეზოლუციას, თუ მოითხოვს არსებულ ტექსტში ცვლილებების შეტანას.