რიონის ხეობის მცველი ლაშა ქუთათელაძე სასამართლომ სამართალდამრღვევად არ ცნო

პუბლიკა

„რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ აქტივისტი ლაშა ქუთათელაძე სასამართლომ სამართალდამრღვევად არ ცნო, ის დარბაზიდან გათავისუფლდა.

მას პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავებოდნენ. მის ინტერესებს საია იცავდა.

როგორც ორგანიზაცია წერს, სასამართლომ არ დაადგინა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ფაქტი, ლაშა ქუთათელაძეს არ დააკისრა არანაირი პასუხისმგებლობა და შეწყვიტა საქმის წარმოება.

„ჩვენი პოზიცია თავიდანვე ასეთი იყო, რომ ადგილი არ ჰქონდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის დარღვევას. იგივე პოზიცია გავაჟღერეთ სასამართლო პროცესზე, სასამართლომ ჩვენი პოზიცია სრულად გაიზიარა, გათავისუფლა ქუთათელაძე ყოველგვარი პასუხისმგებლობისგან და შეწყვიტა საქმის წარმოება”, – ამბობს „პუბლიკასთან” საუბრისას ადვოკატი სალომე სალდაძე.


მოძრაობა – „რიონის ხეობის გადარჩენისთვის” აქტივისტი ლაშა ქუთათელაძე წუხელ დააკავეს.

„პუბლიკასთან” საუბრისას რიონის ხეობის მცველი მაკა სულაძე აცხადებს, რომ ქუთათელაძე სოფელ ნამოხვანში ბრუნდებოდა და ის მშენებარე ხიდთან გააჩერეს.  მასთან ერთად ასევე დააკავეს კიდევ 2 პირი, რომლებიც მალევე გაუშვეს.

რიონის ხეობის კიდე ერთი აქტივისტი დავით შუკაკიძე აღნიშნავს, რომ:

„როდესაც ჩვენ ვცდილობდით ჩვენი არხებით გაგვერკვია, თუ რის საფუძველზე დააკავეს ის, მათ გვიპასუხეს ასეთი რამ, რომ მან საზღვარი დაარღვია უკანონოდ. რომელ საზღვარზეა საუბარი, რთული გასაგებია. ერთადერთი რაც ამით უნდათ გააკეთონ არის ის, რომ დააშინოს ის ხალხი, ვინც პროტესტს გამოხატავს”, – ამბობს დავით შუკაკიძე.


3 აპრილს ნამახვანჰესის ინვესტორმა კომპანია ENKA-მ სამუშაოები განაახლა. მოსახლეობამ სამუშაოების განახლება გააპროტესტა, ადგილზე მობილიზებული იყო პოლიციაც.  3 აპრილიდან პოლიციას გარკვეულ ლოკაციებზე, მათ შორის გუმათჰესთან, გზა აქვს გადაკეტილი და მოსახლეობის თქმით, მათ, ვისაც სურვილი აქვს, რომ ნამახვანჰესის წინააღმდეგ სოფელ ნამოხვანში მყოფ ადგილობრივებს შეუერთდნენ, ხეობაში არ უშვებენ.

შინაგან საქმეთა სამინისტრო აღნიშნულთან დაკავშირებით აცხადებს, რომ „უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, პოლიციის შესახებ საქართველოს კანონის 25-ე და 26-ე მუხლების შესაბამისად, გარკვეულ მიმართულებებზე გადაადგილების შეზღუდვა დროებით ძალაში რჩება, რათა თავიდან იქნას აცილებული მოსალოდნელი საფრთხეები და სიტუაციის შემდგომი ესკალაცია”.