როგორ აპირებენ თბილისის სკოლებში უფასო კვების პროგრამის დანერგვას – აბესაძის განმარტება

პუბლიკა

ოპოზიციის ნაწილის თბილისის ვიცე-მერობის კანდიდატმა, ირაკლი აბესაძემ „ფორმულას“ ეთერში თბილისის სკოლებში უფასო კვების პროგრამის წინასაარჩევნო დაპირების შესახებ ისაუბრა.

სასკოლო კვების რომელი მოდელი იქნება ოპტიმალური

აბესაძე ამბობს, რომ პროგრამის ფარგლებში თბილისში საჯარო სკოლებში გადანაწილებული 180 ათასი მოსწავლისთვის განიხილება ე.წ. სადილის ყუთების მომზადება, რაც საერთო ჯამში 80 მილიონ ლარამდე ხარჯს გულისხმობს.

აბესაძე განმარტავს რომ „სადილის ყუთები“ სკოლის გარეთ მომზადდება, სკოლაში შესაძლოა დარიგდეს სასადილოში ან თუნდაც დამრიგებელმა დაურიგოს მოსწავლეებს საკლასო ოთახში.

„არ ვიგონებთ ველოსიპედს. არსებობს სხვადასხვა ტიპის მოდელი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში – ეს არის თანხის დარიცხვა; ეს არის ადგილზე საკვების მომზადება. ეს არის ე.წ. სადილის ყუთები, რომელიც გამზადებული შედის სკოლებში და შემდგომ რიგდება.

ჩვენ ვფიქრობთ, ჯერჯერობით, რაც ვიმსჯელეთ გუნდში (რაც იყო განხილვისა და კამათის საგანი კოალიციურ გუნდში) და ასე მივედით ამ შეთანხმებამდე. ჩვენ ვფიქრობთ, დასაწყისისათვის ყველაზე ოპტიმალური, მათ შორის, სასკოლო ინფრასტრუქტურის გათვალისწინებით ეს არის ე.წ. ლანჩ ბოქსი, რომელიც სკოლის გარეთ დამზადდება და ყუთებში დაფასოებული თითოეული მოსწავლისათვის ერთნაირი ყუთებით დარიგდება სკოლაში.

რა თქმა უნდა, განსხვავებული ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით და რა თქმა უნდა, სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეების გათვალისწინებით. ეს ბაზები განათლების სამინისტროს უნდა ჰქონდეს და ამ ბაზების საფუძველზე შედგება შემდგომ მენიუ და მომზადდება საკვების“, – განმარტავს აბესაძე.

რამდენ მოსწავლეს მოიცავს პროგრამა და რა იქნება ხარჯი

აბესაძე ამბობს, რომ პროგრამა გათვალისწინებული იქნება თბილისის საჯარო სკოლების 180 ათასი მოსწავლისათვის. ის ამბობს, რომ დაახლოებით 40 ათასი მოსწავლის შემთხვევაში, რომლებიც კერძო სკოლებში სწავლობენ, სკოლის გადასახადი უმეტესწილად მათ კვებასაც ითვალისწინებს, ამიტომ პროგრამაში მათი გათვალისწინების საჭიროება არ არის.

„უმრავლეს კერძო სკოლებში კვება დღის განმავლობაში შედის სწორედ ამ საფასურში, დაახლოებით 40 ათასი ბავშვი თბილისში კერძო სკოლებში დადის, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ სეგმენტს არ აქვს პრობლემავ რომ ბავშვს შიოდეს.

საჯარო სკოლებშიც, რა თქმა უნდა, არიან ბავშვები, რომელთაც არ აქვთ ამის სოციალური საჭიროება, მაგრამ იქ ყველას მიმართ იქნება ერთნაირი გადაწყვეტილება მიღებული. დაახლოებით, მაქსიმუმ, 80 მილიონი ლარი დაჯდება“, – განმარტავს აბესაძე.

პროგრამის განხორციელების რა შესაძლებლობა აქვს მუნიციპალიტეტს

აბესაძე აბსურდულს უწოდებს მმართველი პარტიის მხრიდან შეფასებებს, რომლის მიხედვითაც, თბილისის მერს კანონი არ აძლევს საშუალებას, სკოლებში მსგავსი ტიპის პროგრამა განახორციელოს.

„სამართლებრივად აბსურდული და ადამიანურად სამწუხარო რეაქცია მივიღეთ. ჩვენ ვსაუბრობთ რომ ბავშვებს შიათ და გვეთანხმებიან, რომ ბავშვებს შიათ; ჩვენ ვამბობთ, რომ ბავშვებს სჭირდებათ კვება და ეს უნდა გააკეთოს ბიუჯეტმა და გვეთანხმებიან, რომ ბავშვებს ეს სჭირდებათ და ვერავინ ვერ უარყოფს; ვეკითხებით, რატომ ვერ გავაკეთებთ? იმიტომ, რომ კანონი გვიკრძალავს ამას.

არ არსებობს არანაირი კანონი, რომელიც მშიერი ბავშვის გამოკვებას შეიძლება კრძალავდეს. მაგალითად, რატომ არ შეუძლია, რომ ეს თბილისის მერიამ გააკეთოს?

დღესაც თბილისის მერია აგრძელებს ე.წ. სოციალური სასადილოს პროექტს, ანუ თბილისის მერია დღეს ადამიანებს აჭმევს, ანუ თბილისის მერს რომ ვკითხოთ, კახა კალაძეს, რომელიც გვეუბნება რომ თითქოს ვატყუებს საზოგადოებას და სინამდვილეში თავად უტიფრად ტყუის; თბილისის მერს რომ ვკითხოთ, შენს სასადილოში სკოლის მოსწავლემ რომ გამოიაროს, შეგიძლია, რომ საკვები მისცე? აუცილებლად გვეტყვის კის, იმიტომ, რომ იქ ადამიანები იკვებებიან; აბა, რა არის პრობლემა? რომ ეს საკვები ყუთი ავიღო და სკოლის ოთახში შევიტანო? ამას კრძალავს კანონი? აბსურდია, არ გვინდა არანაირი კანონის მოშველიება. იციან, რომ ამის გაკეთება შესაძლებელია, თავად ვერ მოაბეს თავი და ახლა პოლიტიკური საჭიროების გამო ცდილობენ, ასე უტუფრად მოიტყუონ“, – ამბობს აბესაძე.

„უფასო კვება თბილისის სკოლებში“ – ოპოზიციის ნაწილის თბილისის მერობის კანდიდატის, ნიკა მელიას ეს დაპირება ბილბორდებზე 18 ოქტომბრიდან გამოჩნდა. მელიას წინასაარჩევნო დაპირებას საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა, როგორც პროგრამის რეალურობასთან, ასევე მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით.

მმართველ გუნდში მელიას ინიციატივას „სრულ აბსურდად“ აფასებენ. „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ მელია წინასაარჩევნოდ თვითმმართველობის საკითხებისთვის ისეთ არაადეკვატურ დაპირებებს გასცემს, რომელთა შესრულებასაც ვერ შეძლებს.

პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე კი ამბობს, რომ ეს მელიას მხრიდან სასოწარკვეთილი ნაბიჯია, ვინაიდან ის თბილისში არჩევნებს აგებს. კობახიძის შეფასებით, მელია ცდილობს, თბილისელები მოატყუოს, რადგან მას, როგორც მერს, კანონით, სკოლებში უფასო საკვების პროგრამის დანერგვის უფლება არ ექნება. პროგრამას დამატებით 100 მილიონ ლარზე მეტი სჭირდება და საკითხავია, რომელი მიმართულებების შეკვეცის ხარჯზე მოახერხებს ამას.