როგორ აპირებს ხელისუფლება 30 მაჟორიტარული ოლქის განაწილებას

ქეთი გოგუაძე

პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ, სავარაუდოდ, დასავლეთ საქართველოში 12, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში 18 მაჟორიტარული ოლქი იქნება.

მისი თქმით, თბილისში 7 საარჩევნო ოლქი უნდა ჩამოყალიბდეს, ბათუმში, ქუთაისსა და რუსთავში – თითო-თითო.

რაც შეეხება რეგიონებს:

  • აჭარა – 3 ოლქი
  • გურია – 1 ოლქი
  • სამეგრელო – 3 ოლქი
  • რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთი – 1 ოლქი
  • იმერეთი – 4 ოლქი
  • შიდა ქართლი – 2 ოლქი
  • კახეთი – 3 ოლქი
  • ქვემო ქართლი – 3 ოლქი
  • სამცხე-ჯავახეთი – 2 ოლქი
  • მცხეთა-მთიანეთი – 1 ოლქი

„გამომდინარე იქიდან, რომ უნდა გავითვალისწინოთ რეგიონების სპეციფიკა, საზღვრები და სხვა შესაბამისი ფაქტორები, დიდი ლავირების საშუალება არ არის. აქედან გამომდინარე, საკითხი არის არსებითად ტექნიკური“, – განუცხადა ჟურნალისტებს კობახიძემ.

სწორედ მაჟორიტარული ოლქების ამგვარი განაწილება იყო მთავარი განხილვის თემა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერ მამუკა მდინარაძესა და „ოცნების“ მაჟორიტარებს შორის შეხვედრაზე, რომლის დასრულების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ ამ შეთანხმებას მხარს ყველა დეპუტატი უჭერს.

„კომპრომისულ ვერსიას მხარს უჭერს ყველა, ამიტომ დაერქვა კომპრომისული და ამიტომ შედგა შეთანხმება. ჩვენ აქ გვიწევს, რომ გამოვიდეთ ვენეციის კომისიის რეკომენდაციებიდან, რომლის მიხედვითაც, გადახრა ე.წ რაოდენობიდან, არ უნდა იყოს 15%-ზე მეტი. ჩვენ ამ ჩარჩოებში გვიწევს, რომ მოვაქციოთ 30-ვე ოლქი“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

რაც შეეხება ოპოზიციას, ისინი აპირებენ, გაერთიანებულ ფორმატში იმსჯელონ ბლოკებთან დაკავშირებითაც.

„იმ შემთხვევაში, თუ შეთანხმების სრული პაკეტი არ იქნა სისრულეში ერთად მოყვანილი, მაშინ ეს შეთანხმება არ არსებობს. ის, რომ პოლიტპატიმრებზე იყო საუბარი, მათ შორის, კონკრეტულ სახელებსა და გვარებზე, ამას ადასტურებს მოლაპარაკებაში მონაწილე ყველა მხარე. ჩვენ, როგორც გაერთიანებული ოპოზიცია, ერთი მაგიდის ირგვლივ მსხდომნი, გავითვალისწინებთ პარტიების უმრავლესობის ინტერესებს და ასე ვიმოქმედებთ ბლოკებთან დაკავშირებითაც”, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, რომან გოცირიძემ.

დავით ბაქრაძის აზრით კი, ხელისუფლება უკვე ცდილობს, თავის პარტიულ ინტერესს მოარგოს ოლქების განაწილება და შეამციროს მათი ოდენობა იქ, სადაც განსაკუთრებით უჭირთ. მისი აზრით, მმართველმა პარტიამ ოლქებზე კონსულტაციები ოპოზიციასთან უნდა გამართოს.

„საბოლოო შეთანხმება ღირებული იქნება მხოლოდ მაშინ, როდესაც მას ოპოზიცია დაეთანხმება და ეს იყო ამ განვლილი თვეების კრიზისის მთავარი გაკვეთილი, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მთავარი მოთხოვნა. ჩვენ ასეთი კონსულტაციებისთვის უახლოესი დღეების განმავლობაში მზად ვართ, – განაცხადა ბაქრაძემ.

8 მარტს ამერიკის საელჩოში გამართულ შეხვედრაზე ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შეთანხმება საპარლამენტო არჩევნების 120/30 სისტემით ჩატარებაზე შედგა. ასევე, ბარიერი 2020 წლის არჩევნებზე 1%-იანი იქნება.