როგორ გავასუფთაოთ ნივთები კორონავირუსის პრევენციისთვის

პუბლიკა

ჯანდაცვის სპეციალისტების რჩევით, კორონავირუსის პრევენციისთვის მნიშვნელოვანია სველი წესით გაწმენდა და დეზინფექცია იმ ნივთებისთვის, რომელთაც მუშაობის პროცესში ხშირად ვეხებით.

ინფექციონისტ მაია ბუწაშვილის თქმით, კორონავირუსი გადაეცემა წვეთების გზით, ძირითადად, პირდაპირი კონტაქტით, ადამიანიდან ადამიანს, თუმცა შესაძლებელია, ინფიცირება წვეთებით დაბინძურებულ ზედაპირთან შეხების შედეგადაც. შესაბამისად, ზედაპირების დეზინფექცია მნიშვნელოვანია.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, ჯერჯერობით, დაზუსტებით ცნობილი არ არის, თუ რამდენ ხანს ინარჩუნებს ვირუსი სიცოცხლისუნარიანობას ზედაპირზე. არსებული ინფორმაციით, რამდენიმე საათს. მათივე თქმით, მარტივ სადენზიფექციო საშუალებებს შეუძლია, ვირუსის განადგურება, რის შედეგადაც ადამიანი აღარ დაინფიცირდება.

მაია ბუწაშვილის რჩევით, გასათვალისწინებელია, რომ ზედაპირები ჯერ მექანიკურად უნდა გაიწმინდოს (ჩვეულებრივი ხელსახოცით ან ჩვრით), რათა მაქსიმალურად მოშორდეს ნაწილაკები და მხოლოდ ამის შემდეგ დამუშავდეს სადეზინფექციო საშუალებებით.

მისივე თქმით, აუცილებელი არ არის ქარხნულად დამზადებული ხსნარები, 70-გრადუსიანი სპირტიც ძალიან კარგად მუშაობს ვირუსის უვნებელსაყოფად (ზედაპირებზე, და არა დასალევად, როგორც ეს ზოგიერთმა გაიგო);

დაავადებათა კონტროლის ცენტრს COVID-19-ისადმი ექსპოზირებული არასამედიცინო ობიექტების დასუფთავების დროებითი რეკომენდაციებიც აქვს მომზადებული

დასუფთავების რეკომენდებული წესი: მიზანშეწონილია 0,1%-იანი ნატრიუმის ჰიპოქლორიტის (ანუ ნეიტრალური სარეცხი საშუალება)  გამოყენება (განზავება 1:50 თუ გამოყენებულია საყოფაცხოვრებო მათეთრებელი – საწყისი 5%-იანი კონცენტრაციით) ზედაპირების  დეკონტამინაციის (გაუსნებოვნების) მიზნებისთვის.

იმ ზედაპირებისთვის, რომლებიც შეიძლება დაზიანდეს ნატრიუმის ჰიპოქლორიტის შედეგად, შესაძლოა 70% კონცენტრაციის ეთანოლის ან სხვა პრეპარატის გამოყენება, ნეიტრალური სარეცხი საშუალებით გაწმენდის შემდეგ.

რეკომენდაციების მიხედვით, განსაკუთრებით კარგად უნდა გაიწმინდოს ისეთი ზედაპირები, რომლებსაც ხშირად ვეხებით (კედლები, კარები, სახელურები, საჭე, ფანჯრები, უნიტაზი, აბაზანის ზედაპირები). ყველა ქსოვილი (მაგალითად, თეთრეული, ფარდები და ა.შ.) – უნდა გაირეცხოს ცხელი წყლის ციკლის გამოყენებით (90°C)  და სარეცხი საშუალების დამატებით.

კიდევ რა უნდა გავითვალისწინოთ

დასუფთავებისას უნდა გამოიყენებოდეს შესაბამისი ინდივიდუალური დაცვის საშუალებები (ერთჯერადი ხელთათმანები და სხვა. იხილეთ ჩამონათვალი და გამოყენების წესი);

რეკომენდაციებში აღნიშნულია, რომ ერთჯერადი ინდივიდუალური დაცვის საშუალებები უნდა განიხილებოდეს, როგორც პოტენციური ინფექციური მასალა და განადგურდეს დამტკიცებული წესების შესაბამისად. რეკომენდებულია ერთჯერადი ან სპეციალური დანიშნულების დასუფთავების მოწყობილობის გამოყენებაც. მრავალჯერადი გამოყენების ინდივიდუალური დაცვის საშუალებები სამუშაოს დამთავრების შემდგომ უნდა იყოს დეზინფიცირებული (მაგ: 0.1% ნატრიუმის ჰიპოქლორიტი ან 70% ეთანოლი).

ყველა ქიმიური ნაწარმის გამოიყენებისას დაცული უნდა იყოს მწარმოებლის რეკომენდაციები. დასუფთავების მიზნით ქიმიური ნაწარმის გამოყენებისას, როგორც წესი, აუცილებელია ობიექტის განიავება, დამსუფთავებელი პირების ჯანმრთელობის დასაცავად.

გადადით ბმულზე და დამატებით ასევე გაეცანით ხელების წყლითა და საპნით დაბანის წესებს.