როგორ უნდა მივიღოთ მიზნობრივი დახმარება - ინსტრუქცია

პუბლიკა

ფინანსთა სამინისტრომ მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში შემუშავებული მიზნობრივი სოციალური დახმარების მიღების ინსტურქცია გამოაქვეყნა. მიზნობრივი დახმარება კორონავირუსის პანდემიის გამო გაუარესებული ეკონომიკური მდგომარეობის შერბილებას ემსახურება. დახმარება რამდენიმე კატეგორიად იყოფა:

1. საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლება

ფინანსთა სამინისტროს განმარტებით, 2020 წლის 1 მაისიდან 6 თვის განმავლობაში, თვეში 750 ლარის ხელფასზე საშემოსავლო გადასახადისგან თავისუფლდებიან ის ფიზიკური პირები, რომლებიც დაქირავებით არიან დასაქმებულები და ამ 6 თვიან პერიოდში, თითოეულ თვეში მათი ხელფასი არ აღემატება 1500 ლარს.

„შეღავათის მიზანია, დამსაქმებლებს შეუმცირდეთ ყოველთვიური ხარჯები და ჰქონდეთ შესაძლებლობა მაქსიმალურად მეტი სამუშაო ადგილი შეინარჩუნონ და დაქირავებულ პირებს აუნაზღაურონ მათი ხელფასები“, – წერს ფინანსთა სამინისტრო.

ეს შეღავათი კერძო სექტროს ეხება და მოიცავს კომპანიებს, საწარმოებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, ასევე მეწარმე ფიზიკურ პირებს, რომლებსაც დაქირავებული ჰყავთ ფიზიკური პირები, მათი შესრულებული სამუშაოების შესაბამისად უხდიან ხელფასს და ამავდროულად იხდიან საშემოსავლო გადასახადს. საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლება არ ეხება საჯარო სექტორს.

კერძო სექტორი კი შეღავათით ამ ინსტრუქციის მიხედვით მიიღებს:

საერთოდ არ გადაიხდიან იმ დაქირავებულებზე, რომელთა ხელფასიც 750 ლარი ან უფრო ნაკლებია;

ნაწილობრივ გადაიხდიან იმ დაქირავებულებზე, რომელთა ხელფასიც მეტია 750 ლარზე და არ აღემატება 1500 ლარს. ამ შემთხვევაში დარიცხულ ხელფასს აკლდება 750 ლარი და დარჩენილი თანხა იბეგრება საშემოსავლო გადასახადით;

  • მაგ: თუ საწარმოში დასაქმებული პირის დარიცხული ხელფასი შეადგენს 1000 ლარს, აღნიშნულ თანხას აკლდება 750 ლარი და საშემოსავლო გადასახადს იხდის მხოლოდ დარჩენილ 250 ლარზე (50 ლარს)

სრულად გადაიხდიან იმ დაქირავებულებზე, რომელზეც კონკრეტულ თვეში ხელფასი იქნება 1500 ლარზე მეტი;

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაცით, ხელფასის 1500 ლარიანი ზღვარი მოქმედებს კონკრეტულ თვეში გაცემულ ანაზღაურებაზე, ანუ მაგალითისთვის თუ მაისში დაქირავებულზე გაიცა 1600 ლარი, ამ დაქირავებულზე საწარმო საშემოსავლო გადასახადით ვერ ისარგებლებს, მაგრამ თუ ამავე დაქირავებულზე ივნისში გაიცა 1400 ლარი, ამ შემთხვევაში ისარგებლებს შეღავათით და ივნისის საშემოსავლო გადასახადს გადაიხდის ნაწილობრივ, კერძოდ 1400 ლარს გამოაკლდება 750 ლარი და საშემოსავლო გადასახადს გადაიხდის 650 ლარზე (130 ლარს).

საწარმო საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციას წარადგენს ჩვეულ რეჟიმში, მომდევნო თვის 15 რიცხვში.

შესაძლო კითხვები:

ნიშნავს თუ არა ეს შეღავათი რომ დაქირავებულ პირს უნდა გაეზარდოს ხელფასი?

  • არ ნიშნავს, ხელფასის განსაზღვრა ხდება დამქირავებლისა და დაქირავებულს შორის შეთანხმებით. ეს შეღავათი ხარჯებს უმცირებს საწარმოს და მისი გადასაწყვეტია მიმართავს ხელფასის გასაზრდელად თუ უფრო მეტი დაქირავებულის შესანარჩუნებლად.

ისარგებლებს, თუ არა ამ შეღავათით, პირი რომელიc, დაქირავებით მუშაობს ორ ან მეტ საწარმოში?

  • ისარგებლებს.   გადასახადისგან   გათავისუფლდება  პირის    მიერ, თითოეული დამქირავებლისგან მიღებული ხელფასი 750 ლარამდე, თუ ამავე დამქირავებელთან მიღებული ხელფასი არ აღემატება 1500 ლარს.

ხომ არ დაკარგავს ამ საგადასახადო შეღავათის გამოყენებით, პირი სხვა შეღავათს, რომელიც მას კანონმდებლობით ეკუთვნის (მაგ: სარგებლობს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლების მონაწილისთვის გათვალისწინებული შეღავათით ან სხვა შეღავათით)

  • არ დაკარგავს. პირი ისარგებლებს ორივე შეღავათით.

2. დაქირავებულთა დახმარება, რომელთაც აღარ ერიცხებათ ხელფასი

კორონავირუსის პანდემიის გამ, მათ ვინც დაკარგეს სამსახური ან უხელფასო შვებულებაში მოუწიათ გასვლა, სახელმწიფო 1200-ლარიანი კომპენსაციით დაეხმარება. კომპენსაცია მომდევნო 6 თვის განმავლობაში, ყოველთვიურად 200 ლარის ოდენობით უნდა გაიცეს.

როგორც ფინანსთა სამინისტრო წერს, კომპენსაციის მიღება შეეძლებათ იმ დაქირავებულებს, რომლებიც 2020 წლის პირველ სამ თვეში (იანვარი, თებერვალი, მარტი) ერთხელ მაინც აქვთ აღებული ხელფასი და ამის შესახებ მის დამქირავებელს საგადასახადო დეკლარაციასთან ერთად, შემოსავლების სამსახურში წარმოდგენილი აქვს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ამ პირზე გაიცა ხელფასი.

უხელფასოდ დარჩენილი თანამშრომლებისთვის კომპენსაციის მისაღებად საწარმო ყოველი თვის 15 რიცხვამდე ელექტრონულად, გადასახადის გადამხდელის (დამქირავებლის) პირადი ვებგვერდის https://eservices.rs.ge/ მეშვეობით, დადგენილი ფორმით წარადგენს ინფორმაციას, სადაც მიეთითება იმ პირთა სია, რომლებზეც ხელფასი გაცემული აქვს 2020 წლის პირველ კვარტალში ერთხელ მაინც და აღარ გაუცია წინა თვეში.

„საკომპენსაციო სიაში ვერ მოხვდებიან ის პირები, რომლებზეც შემოსავლების სამსახურის ბაზაში დაფიქსირებულია, რომ მათზე ამავე თვეში გაცემულია ხელფასი.

მაგალითისთვის: შესაძლებელია 15 მაისს დაქირავებულზე კომპანია „ა“-მ წარადგინა ინფორმაცია, რომ აპრილში მასზე არ გაუცია ხელფასი, მაგრამ კომპანია „ბ“-ს წარდგენილ დეკლარაციაში ჩანს, რომ ამავე პირზე გაცა ხელფასი. ამ შემთხვევაში ეს პირი ვერ მოხვდება საკომპენსაციო სიაში“, – წერს ფინანსთა სამინისტრო.

დამქირავებელს საშუალება აქვს დააზუსტოს მის მიერ წარდგენილი ინფორმაცია შესაბამისი თვის 20 რიცხვამდე, ანუ დეკლარაციის წარდგენიდან 5 დღის განმავლობაში. სიების ფორმირება მოხდება ყოველთვიურად, საგანგებო მდგომარეობის დასრულების მომდევნო თვის ჩათვლით. ამის შემდეგ სიაში ახალი პირები ვერ დაემატებიან.

ხოლო თუ სიაში მყოფმა ხელფასი ისევ აიღო, კომპენსაციას შემდეგ ვეღარ აიღებს.

შესაძლო კითხვები:

დასაქმებული ვიყავი საწარმოში, თუმცა ხელფასი არ მერიცხებოდა ბანკში, დამქირავებელი ხელფასს მიხდიდა ხელზე. ამ შემთხვევაში მივიღებ თუ არა კომპენსაციას?

  • მიუხედავად იმისა, ხელფასი ირიცხებოდა საბანკო ანგარიშზე თუ გაიცემოდა ხელზე ნაღდი ფულის სახით, დამსაქმებელი ვალდებული იყო გადაეხადა საშემოსავლო გადასახადი და თქვენ შესახებ ინფორმაცია წარედგინა შემოსავლების სამსახურში. შესაბამისად, თუ თქვენი დამსაქმებელი ასრულებდა მის ვალდებულებებს, თქვენ მიიღებთ კომპენსაციას.

ვიყავი დასაქმებული, მაგრამ ჩემი დამქირავებელი არ აგზავნიდა საჭირო ინფორმაციას შემოსავლების სამსახურში, მივიღებ თუ არა კომპენსაციას?

  • კომპენსაციის მიღების შესაძლებლობა აქვთ მხოლოდ იმ პირებს, რომელთა ხელფასზეც დამქირავებელს ინფორმაცია წარდგენილი აქვს შემოსავლების სამსახურში შესაბამისი თვეების დეკლარაციებით.

ჩემმა დამსაქმებელმა მითხრა, რომ ყველა საჭირო დოკუმენტაცია წარდგენილი აქვს შემოსავლების სამსახურში, თუმცა მაისში კომპენსაცია არ ჩამრიცხვია და აპრილშიც ხელფასი არსაიდან არ ამიღია, ვის უნდა მივმართო ამ შემთხვევაში?

  • უნდა დაუკავშირდეთ შემოსავლების სამსახურის საინფორმაციო ცენტრს – info@rs.ge, 2 299 299.

3. თვითდასაქმებულები

თვითდასაქმებულები კომპენსაციად 300 ლარს მიიღებენ. თუმცა, ფინანსთა სამინისტროს მიხედვით, კომპენსაციის მისაღებად აუცილებელია დასტურდებოდეს, რომ ეს პირი 2020 წლის პირველ კვარტალში ეწეოდა ეკონომიკურ საქმიანობას ან/და ჰქონდა შემოსავალი. თვითდასაქმებულები ორ კატეგორიად დაიყოფიან:

1. შემოსავლების სამსახურში რეგისტრირებული თვითდასაქმებულები

ამ თვითდასაქმებულებისთვის, ფინანსთა სამინისტროს მიხედვით, კომპენსაციის მიღება მარტივი იქნება. მათ შორის არიან:

მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკური პირები, რომლებსაც პირველ კვარტალში საშემოსავლო გადასახადის ყოველთვიური დეკლარაცია აქვთ წარდგენილი.

მეწარმე ფიზიკური პირები, რომლებიც დასაქმებული არიან ბაზრობებზე, წარმოდგენილი აქვთ   2020   წლის   პირველ   კვარტალში   საშემოსავლო   გადასახადის   ყოველთვიური დეკლარაცია, ან უფიქსირდებათ ბრუნვა საკონტროლო სალარო აპარატით, ან ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების ფაქტი დადასტურებული იქნება ბაზრობის ორგანიზატორის მიერ შემოსავლების სამსახურში წარდგენილი ინფორმაციით.

პირები,  რომლებიც  ახორციელებენ  ფიქსირებული  გადასახადით  დასაბეგრ  საქმიანობას

(მაგალითად, თონეებში, სილამაზის სალონებში, ავტო-ტექ მომსახურების ობიექტებში დასაქმებული პირები) და საქმიანობას ახორციელებდნენ 2020 წლის პირველ კვარტალში, რაც დასტურდება შემოსავლების სამსახურში დარიცხული და გადახდილი ფიქსირებული გადასახადით.

მიკრო  ბიზნესის  სტატუსის  მქონე  მეწარმეები,  რომლებიც  დაფინანსებას  არ  იღებენ ბიუჯეტიდან;

ინდივიდუალური მეწარმეები, რომლებსაც 2020 წლის 1 აპრილამდე წარდგენილი აქვთ 2019 წლის საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაცია, ან 2020 წლის პირველ კვარტალში უფიქსირდებათ ბრუნვა საკონტროლო სალარო აპარატით.

ამ თვითდასაქმებულთა საკომპენსაციო სიას შემოსავლების სამსახური 20 მაისამდე შეადგენს. თავად თვითდასაქმებულებმა სიაში მოხვედრის შემდეგ უნდა შეავსონ განაცხადი, რომელიც 2020 წლის 21 მაისიდან ჯანდაცვის სამინისტროს ელექტრონულ პორტალზე www.moh.gov.ge გაიხსნება.

თუმცა, კომპენსაციას ვერ აიღებენ ისინი, ვინც პარალელურად იღებდა ხელფასს ან იყო დაქირავებით დასაქმებულიც და დაკარგა შემოსავალი, შესაბამისად სხვა ტიპის კომპენსაციას იღებს.

2. თვითდასაქმებულები, რომლებიც არ არიან რეგისტრირებულები შემოსავლების სამსახურში

ამ ტიპის თვითდასაქმებულებმა, როგორც ფინანსთა სამინისტროს ინსტრუქციაშია ნათქვამი, ჯანდაცვის სამინისტროს ელექტრონულ პორტალზე – www.moh.gov.ge, 2020 წლის 1 ივნისის ჩათვლით უნდა შეავსონ ელექტრონული განაცხადის ფორმა.

ფორმაში პირად მონაცემებთან ერთად, მათ უნდა მიუთითონ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებამდე შემოსავლის წყაროს შესახებ ინფორმაციაც. ასევე, 2020 წლის პირველ კვარტალში შემოსავლის წყაროს დამადასტურებელი დოკუმენტი, მათ შორის:

  • გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებული პირის (გარდა არამეწარმე ფიზიკური პირისა) მიერ გაცემული პირველადი საგადასახადო დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება შემოსავლის მიღების ფაქტი (წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას. მაგალითად შესყიდვის აქტი, მიღება ჩაბარების აქტი);
  • 2020 წლის პირველი 3 თვის საბანკო ამონაწერი, რომლითაც დასტურდება ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი;
  • მუნიციპალიტეტის ან სხვა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ პირზე გაცემული რაიმე საქმიანობის დამადასტურებელი ცნობა ნებართვა/ლიცენზია;
  • საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირის მიერ გაცემული დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება პირის ეკონომიკური აქტივობა ან/და შემოსავალი;

სააგენტო, სამუშაო ჯგუფთან ერთად იხილავს წარმოდგენილ ელექტრონულ განაცხადებს, აჯგუფებს მათ საქმიანობის დამადასტურებელი დოკუმენტების სპეციფიკის მიხედვით და 2 კვირის ვადაში გადაწყვეტილების მისაღებად სიას წარუდგენს ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით შექმნილ უწყებათაშორის კომისიას. თვითდასაქმებულები კომპენსაციას 10 დღის ვადაში მიიღებენ.

ხოლო იმ პირებს, რომელთა განცხადებებიც არ დაკმაყოფილდება, სააგენტო გადაწყვეტილების მიღებიდან 15 სამუშაო დღის ვადაში მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით აწვდის ინფორმაციას კომპენსაციის გაცემაზე უარის შესახებ.

შესაძლო კითხვები:

ვინ შეიძლება მოხვდეს არარეგისტრირებული თვითდასაქმებულების კატეგორიაში და რა დამადასტურებელი დოკუმენტი უნდა წარადგინოს? რამდენიმე შესაძლო ვარიანტი:

  • ბაზრობის  დახლზე  მოვაჭრე  პირი,  რომელიც  არ  არის  რეგისტრირებული  მეწარმედ  და რომლის   შესახებაც   ბაზრობის   ორგანიზატორს   ინფორმაცია   არ   აქვს   წარდგენილი შემოსავლების  სამსახურში  (შესაბამისად  ეს  პირი  ვერ  მოხვდებოდა  შემოსავლების სამსახურის მიერ სააგენტოსთვის გაგზავნილ საკომპენსაციო პირთა სიაში) – აღნიშნულმა პირმა ეკონომიკური აქტივობის/შემოსავლის წყაროს დასადასტურებლად უნდა წარადგინოს ბაზრობის ორგანიზატორის მიერ გაცემული ცნობა იმის შესახებ, რომ აღნიშნული პირი 2020 წლის პირველ კვარტალში ვაჭრობდა მისი ბაზრობის ტერიტორიაზე და იხდიდა შესაბამის ქირას/იჯარას;
  • პირი, რომელსაც დასახლებული პუნქტიდან მუნიციპალიტეტის ცენტრში ან დასახლებულ პუნქტებს შორის გადაჰყავდა მგზავრები და არ წარმოადგენს კომპანიის თანამშრომელს – უნდა წარადგინოს დამადასტურებელი დოკუმენტი შესაბამისი მუნიციპალიტეტიდან;
  • პირი, რომელსაც დასახლებული პუნქტებიდან ბავშვები დაჰყავდა საჯარო სკოლაში და არ წარმოადგენს   კომპანიის   თანამშრომელს   –   უნდა   წარადგინოს   დამადასტურებელი დოკუმენტი შესაბამისი მუნიციპალიტეტიდან;
  • პირი, რომელიც ახორციელებს მგზავრთა საქალაქთაშორისო გადაყვანას და არ წარმოადგენს კომპანიის  თანამშრომელს;  –  უნდა  წარადგინოს  ავტოსადგურის  ორგანიზატორისგან შესაბამისი ცნობა და მომსახურების გაწევის ანაზღაურების დამადასტურებელი დოკუმენტი (საბანკო ტრანზაქცია ან სალარო აპარატის ჩეკი);
  • პირი,   რომელიც   დღიურად   აქირავებდა   კუთვნილ   საცხოვრებელ   ფართებს   ბინების გაქირავების ელექტრონული პორტალების მეშვეობით (Airbnb.com, booking.com და სხვა) – უნდა  წარადგინონ  საბანკო  ამონაწერი,  სადაც  გამოჩნდება  შესაბამისი  კომპანიიდან მიღებული შემოსავალი);
  • პირი,  რომელიც  ამზადებდა  სუვენირებს  და  აბარებდა  სუვენირების  მაღაზიას,  ან  პირი რომელიც   სოფლის   მეურნეობის   პროდუქტს   აბარებდა   საცხობს/რესტორანს   –   უნდა წარადგინოს შესაბამისი პირველადი საგადასახადო დოკუმენტი (შესყიდვის აქტი, მიღება-ჩაბარების აქტი);
  • პირი, რომელიც მუშაობს ძიძად, ხელოსნად, დამლაგებლად ან სხვა მსგავსი ტიპს სამუშაოზე – კომპენსაციას მიიღებს იმ შემთხვევაში, თუ წარადგენს გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებული სერვისის მიმწოდებელი/საშუამავლო კომპანიიდან ცნობას, ვისი მეშვეობითაც 2020 წლის 1 აპრილამდე მოხდა მისი დამსაქმებელთან დაკავშირება; ნებისმიერი სხვა პირი, რომელსაც 2020 წლის პირველ კვარტალში უფიქსირდება ეკონომიკური აქტივობა ან/და ქონდა შემოსავალი და შეძლებს ამ შემოსავლის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენას (მათ შორის საბანკო ამონაწერის მეშვეობით);