როგორც უპირველესი რეფორმატორი ქვეყანა, ვიმსახურებთ სტატუსის მინიჭებას - ღარიბაშვილი

პუბლიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი გამოეხმაურა ევროკომისიის ანალიტიკურ ანგარიშს საქართველოს შესახებ.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა Twitter-ზე დაწერა, ევროკომისიის ანგარიში ცხადყოფს, რომ საქართველო, როგორც რეფორმატორი, იმსახურებს ევროკავშირის წევრი კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას.

„ევროკომისიამ  გამოაქვეყნა ანალიტიკური ანგარიში ევროკავშირის კანინონმდებლობასთან საქართველოს ეროვნული საკანონმდებლო ბაზის თავსებადობის შესახებ. დოკუმენტი მკაფიოდ ასახავს ჩვენი ქვეყნის მიერ მიღწეულ წინსვლას ევროინტეგრაციის გზაზე და კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ საქართველო, როგორც უპირველესი  რეფორმატორი, იმსახურებს ევროკავშირის  კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას”, – აღნიშნავს ირაკლი ღარიბაშვილი.


ევროკომისიამ საქართველოს მიერ ევროკავშირში გაწევრებაზე განაცხადის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. 

ევროკავშირის აღმასრულებელი ორგანოს ანგარიში რამდენიმე სფეროს ეხება, მათ შორის: მართლმსაჯულებას, შიდა ბაზარს, კონკურენციის პოლიტიკას, მწვანე პოლიტიკას, სოფლის მეურნეობასა და საგარეო ურთიერთობებს.

საქართველოს ხელისუფლებამ 2022 წლის 3 მარტს გააკეთა ქვეყნის ევროპის კავშირში გაწევრების განაცხადი. ამის შემდეგ საქართველომ აპრილში კითხვარის პირველი ნაწილი მიიღო, რომელიც პოლიტიკურ და ეკონომიკურ ნაწილებს ეხებოდა. კითხვარის მეორე ნაწილი კი 2300-მდე კითხვას მოიცავდა დარგობრივ თემებზე და სექტორების მიხედვით ევროკავშირის კანონმდებლობასთან თავსებადობას ეხებოდა.

ევროკომისიამ დღეს კითხვარის მეორე ნაწილზე ანგარიში გამოაქვეყნა. რომელიც აფასებს ევროკავშირთან საქართველოს საკანონმდებლო და ინსტიტუციური დაახლოების ხარისხს და ასევე ჩვენი ქვეყნის მიერ ევროკავშირთან სექტორული ინტეგრაციის ფარგლებში გატარებული რეფორმების ეფექტიანობას.