რომელ ონლაინსააგენტოებს ევალებათ საბიუჯეტო კონტრაქტებით ფეისბუკ გვერდებზე ინფორმაციის გავრცელება - MDF-ის ანგარიში

პუბლიკა

მედიის განვითარების ფონდმა (MDF) ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც მედიის ფინანსური გამჭვირვალობის შესახებ 2019 წლის მონაცემებს ასახავს.

ანგარიში, ერთი მხრივ, სამაუწყებლო მედიის მიერ კანონმდებლობის საფუძველზე დეკლარირებულ შემოსავლებს შეეხება, მეორე მხრივ, ინფორმაციისა და რეკლამის გავრცელების მიზნით მედიაში საბიუჯეტო სახსრების განაწილების პრაქტიკას.

როგორც ანგარიშშია აღნიშნული, 2019 წლის საბიუჯეტო კონტრაქტების მონაცემების ანალიზისას ახალი ტენდენცია გამოიკვეთა: გამოვლინდა 3 ონლაინ სააგენტო – Guardian.ge, For.ge და Stv.ge – რომლებსაც საბიუჯეტო ორგანიზაციებთან გაფორმებული კონტრაქტებით, ინფორმაციის გავრცელებასთან ერთად, სხვადასხვა ფეისბუკ ჯგუფებსა და გვერდებზე სახელმწიფო უწყებების დაკვეთით მასალების გაზიარება ევალებოდათ.

ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ საჯარო დაწესებულებებიდან მიღებული დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ 3 ონლაინ სააგენტოს ჯამში 20 ფეისბუქ ჯგუფსა და 7 გვერდზე ინფორმაციის გაზიარების ვალდებულება ჰქონდა აღებული. ამასთანავე ახალქალაქის მუნიციპალიტეტის პასუხში მითითებულია, რომ “ ღია წყაროების სააგენტო”, რომელსაც 300,425 წევრი ჰყავდა, ამჟამად არ იძებნება, ხოლო მითითებულ ჯგუფებს 2019 წლის ზაფხულამდე თითქმის 2-ჯერ მეტი წევრი ჰყავდა, ვიდრე ფეისბუკი ბევრ მათგანს წაშლიდა.

როგორც ანგარიშშია ნათქვამი, ადმინისტრაციული ორგანოები Guardian.ge-ს და Stv.ge-ს საბიუჯეტო თანხებით ინფორმაციის მმართველი პარტიის მხარდამჭერ ჯგუფებსა და გვერდებზე განთავსებას ავალდებულებდნენ, როგორიცაა “ბიძინა ივანიშვილის მეგობრები ფეისბუკზე ”, კახი კალაძე თბილისის მერი”, “ ბიძინა ივანიშვილი ჩემი თანამოქალაქეა”, “პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი და აქტუალური თემები” და სხვა.

როგორც ანგარიშშია ნათქვამი, ხობის მუნიციპალიტეტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში მითითებული “ ეს საქართველოა”, სადაც stv.ge-ს ინფორმაციის განთავსება ევალება, დახურული ფეისბუკ ჯგუფია, რომელიც სავარაუდოდ პატრიოტთა ალიანსს უკავშირდება. ახალქალაქის მერიის მიერ მოწოდებულ წერილში მითითებული ფეისბუკ ჯგუფი “ ერთიანი ნაციონალური მოძრაობა 2015”, სადაც ინფორმაციის განთავსება Guardian.ge-ს ევალება, სავარაუდოდ ნაციონალურ მოძრაობას უკავშირდება.

ანარიშის მიხედვით, ყურადღება გამახვილებულია კიდევ რამდენიმე მიგნებაზე, კერძოდ:

●For.ge-მ და მასთან დაკავშირებულმა ფეისბუკ გვერდებმა და ჯგუფებმა, რომლებიც საბიუჯეტო კონტრაქტებს იღებენ, ასევე ხელისუფლების ოპონენტების წინააღმდეგ შექმნილმა გვერდმა (დავასრულოთ) სოციალურ ქსელში არასამთავრობო ორგანიზაციების მადისკრედიტირებელი ვიდეო, სათაურით “როგორ მიიტაცა ნაცმოძრაობამ არასამთავრობო სექტორი” ორგანიზებულად გაავრცელეს და დაასპონსორეს. აღნიშნული ფილმი ასევე ცალმხრივად გააშუქა სახელისუფლებო სარედაქციო პოლიტიკის მქონე ტვ “იმედმა”, Post TV, სააგენტოებმა PIA, მარშალპრესი, reportiori, ქართული აზრი.

● მმართველი პარტიის ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატის პოზიტიურად გაშუქების ფონზე, stv.ge, რომელსაც საბიუჯეტო კონტრაქტებით ინფორმაციის სხვადასხვა ფეისბუკ ჯგუფებში განთავსება ევალება, ოპოზიციური პარტიების კანდიდატების მადისკრედიტირებელ მასალებს შემდეგი სათაურებით აქვეყნებს: “ძროხებზე მონადირე და ბიუჯეტის ქურდი” – როგორ ეხმაურებიან გიგი უგულავას კანდიდატურას სოციალურ ქსელში?” “ნაციონალების” კანდიდატი ამომრჩევლებთან შეხვედრამდე ცოლთან ერთად “ზმანებს” ყიდულობს,” სოფლის რწმუნებულები აცხადებენ, რომ “ლელოს” ადვოკატირებას არ საჭიროებენ”, “ნაციონალებმა” ზუგდიდში დეპუტატობის კანდიდატად კარანტინში მყოფი მალხაზ ჯალაღონია წარადგინეს”.

● 2014-2018 წლების პრაქტიკის მსგავსად, 2019 წელსაც გამოიკვეთა რამდენიმე მედია საშუალება, რომელთანაც საბიუჯეტო ორგანიზაციები წინა წლების მსგავსად თანამშრომლობდნენ და რომელთა ნაწილი ანტიდასავლური სარედაქციო პოლიტიკით, დეზინფორმაციისა და სიძულვილის ენის ტირაჟირებით გამოირჩევა.

ანგარიშის სრული ვერსია იხილეთ ბმულზე. 

LB loan image desktop LB loan image mobile