რუსეთის საგარეო უწყება ყირიმში თბილისის აქციებზე მუქარანარევ განცხადებას ავრცელებს

პუბლიკა

„რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლობა ყირიმში“ ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე საქართველოში რუსული კანონის წინააღმდეგ პროტესტს ეხმაურება და მუქარის შემცველ განცხადებას ავრცელებს.

„თბილისში გაჩაღებული პროტესტი „უცხოური აგენტების“ კანონპროექტის წინააღმდეგ, მთავრობის გადადგომის მოთხოვნებში გადაიზარდა. ქართველ ხალხს ვურჩევთ, გაიხსენონ მსგავსი ვითარება უკრაინაში 2014 წელს და რა გამოიწვია მან საბოლოოდ! ორჯერ დაფიქრდით“, – წერს უწყება ტვიტერზე.

Protests against “foreign agents” bill, erupted in #Tbilisi🇬🇪, result in demands for the resignation of the government. We recommend to the georgian people to recall a similar situation in Ukraine🇺🇦 in 2014 and what it finally led to!#ThinkTwice pic.twitter.com/Ju5Y3p8pwh

— Russia’s MFA in Crimea🇷🇺 (@PMSimferopol) March 10, 2023


ევრომაიდნის მოვლენები კიევში 2013 წლის 21 ნოემბერს დაიწყო და 2014 წლის თებერვლამდე გაგრძელდა. სამოქალაქო პროტესტების ტალღა მას შემდეგ აგორდა, რაც ვიქტორ იანუკოვიჩის პრორუსულმა მთავრობამ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარი განაცხადა.

მოქალაქეები პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩის გადადგომასა და ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნას ითხოვდნენ. დაძაბულმა სიტუაციამ პრეზიდენტ იანუკოვიჩს დათმობებისკენ უბიძგა. მან დაითხოვა ნიკოლოზ აზაროვი და მისი მინისტრთა კაბინეტი, მაგრამ პროტესტები არ წყდებოდა. 18 თებერვალს სიტუაცია განსაკუთრებულად დაიძაბა: მომიტინგეები პოლიციას შეეტაკნენ, იყო მსხვერპლი.

21 თებერვალს იანუკოვიჩმა ხელი მოაწერა უკრაინის კრიზის რეგულაციის შეთანხმებას და იმავე დღეს კიევი დატოვა. 23 თებერვალს უკრაინის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ალექსანდრე ტურჩინოვი გახდა. 24 თებერვალს იანუკოვიჩზე ძებნა გამოცხადდა. ამავე დროს ახალმა უკრაინულმა ხელისუფლება შეერთებული შტატებისგან და ევროკავშირისგან აღიარება მოიპოვა. პრემიერ-მინისტრი გახდა არსენი იაცენიუკი, მოხდა დროებითი ხელისუფლების ფორმირება.

ამ მოვლენებიდან მალევე, 2014 წლის მარტში, რუსეთმა ყირიმის ანექსია მოახდინა და აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტულ ჯგუფებს დაუჭირა მხარი. 2022 წლის 24 თებერვალს კი რუსეთმა სრულმასშტაბიანი ომი გამოუცხადა უკრაინას, რომელიც ამ დრომდე, წელიწადზე მეტია, გრძელდება.