რუსეთის შეჭრის შემდეგ უკრაინის საზღვარი 10.5 მილიონზე მეტმა ადამიანმა გადაკვეთა - გაერო

პუბლიკა

გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (UNHCR) მიხედვით, მას შემდეგ, რაც 24 თებერვალს რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, ქვეყნის საზღვრები უკრაინიდან 10.5 მილიონზე მეტმა ადამიანმა გადაკვეთა.

UNHCR-ის მონაცემებით, ევროპაში ამ დროისთვის 6 400 000-ზე მეტი უკრაინელია აღრიცხული, რომლებმაც ომის შემდეგ თავშესაფრის ძებნა დაიწყეს.

რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა, მას შემდეგ რაც გამთენიისას ქვეყანაზე მასშტაბური სარაკეტო იერიში მიიტანა. თავდაპირველად, რუსულმა არმიამ კოლონებად სწრაფი შეტევები წამოიწყო უკრაინის აღმოსავლეთში, ჩრდილოეთსა და სამხრეთში ქვეყნის თითქმის ყველა დიდი ქალაქის მიმართულებით.

უკრაინელთა წინააღმდეგობის შედეგად, რუსეთის წინსვლა სამხრეთში ნიკოლაევსა და კრივიი რიჰთან შეჩერდა, ჩრდილოეთში კი კიევთან, ჩერნიჰივთან, სუმისთან და ხარკივთან. მარტის ბოლოდან რუსულმა არმიამ ამ ქალაქებიდან უკან დახევა დაიწყო და ოპერატიული ფაზის შემდეგ უკრაინაზე თავდასხმის სცენარი შეცვალა.

19 აპრილიდან რუსეთმა თავდასხმის მეორე ფაზა წამოიწყო, მას შემდეგ, რაც შეამცირა თავისი სტრატეგიული მიზნები. მაშინ რუსული არმიის სარდლობაში აცხადებნენ, რომ მათი მიზანი ახლა დონბასის სრულ საზღვრებში გასვლა და უკრაინის სამხრეთ რეგიონების მთლიანად დაკავება იყო, თვითაღიარებულ დნესტრისპირეთამდე.

თუმცა ომის მეორე ფაზისას რუსეთის შეტევები შემცირდა როგორც ჩრდილოეთი ხარკივის მიმართულებით, ისე სამხრეთში ნიკოლაევისა და ოდესისკენ. მეტიც, სამხრეთში ინციატივა უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ჩაიგდო ხელში და მცრი მასშტაბის კონტრშეტევებიც წამოიწყო ოკუპირებული ხერსონის გასათავისუფლებლად.

რუსები კვლავ განაგრძობენ უკრაინელთა პოზიციებზე თავდასხმას აღმოსავლეთით, დონეცკის ოლქში. მაგრამ მას შემდეგ, რაც ლუჰანსკის ოლქის მთლიანად დაკავება შეძლეს, რუსულ არმიას რამდენიმე კვირაა დონბასშიც აღარ ჰქონია მნიშვნელოვანი წინსვლა. ბრიტანული დაზვერვის ცნობით, ბოლო ერთ თვეში რუსებმა დონბასში მხოლოდ 10 კილომეტრით წინ წაწევა შეძლეს.

რუსეთის მიერ წამოწყებულ ომს უკრაინაში ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა, მათ შორის, ასობით ბავშვია. რუსულმა არმიამ იმაზე გაცილებით მეტი სამოქალაქო ობიექტი დაბომბა, ვიდრე სამხედრო დანიშნულების ადგილი. მათ შორის, დიდი რაოდენობით მსხვერპლი მოჰყვა კრამატორსკში რკინგზის სადგურის, კრემენჩუკში სავაჭრო ცენტრის, ოდესის ოლქში კი საკურორტო დასახლების დაბომბვებს.

კიევის ოლქიდან რუსული არმიის უკან დახევის შემდეგ კი ოლქის დასახლებებში ომის დანაშაულის სავარაუდო მასობრივი შემთხვევების ფაქტებს მიაკვლიეს. ბუჩაში, ირპენსა და ბოროდიანკაში ასობით მოქალაქის ცხედარი ნახეს, რომლებიც რუსულ ოკუპაციას ემსხვერპლნენ.