რუსული სააგენტოების დეზინფორმაციაა, თითქოს საქართველომ ავღანელი ლტოლვილები შეიფარა - ზალკალიანი

პუბლიკა

საგარე საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ რუსული სააგენტოების მხრიდან ვრცელდება დეზინფორმაცია, თითქოს საქართველომ ავღანელი ლტოლვილები შეიფარა.

„რუსული სააგენტოების მხრიდან მიზანმიმართულად ვრცელდება დეზინფორმაცია, თითქოს თბილისმა და საქართველომ ავღანელი ლტოლვილები შეიფარა და ჩვენ თბილისი ავღანელი ლტოლვილების თავშესაფარ ადგილად ვაქციეთ“, – განაცხადა მან.

მინისტრის თქმით, საუბარია მხოლოდ რამდენიმე ათეულ ადამიანზე, კერძოდ, სავალუტო ფონდში, მსოფლიო ბანკში, ამერიკის დემოკრატიის განვითარების ფონდში, საერთაშორისო რესპუბლიკურ ინსტიტუტში, აზიის განვითარების ბანკსა და ავღანეთში მოქმედ სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში დასაქმებულ პირებზე, რომელთა საქართველოში ევაკუაცია საერთაშორისო პარტნიორებთან მჭიდრო კოორდინაციით ხორციელდება.

„ეს პირები საქართველოში მხოლოდ რამდენიმე საათით რჩებიან და ამის შემდგომ. ისინი დანიშნულების ქვეყნებში მიემგზავრებიან. ეს არის დროებითი ღონისძიება და უახლოეს პერიოდში მოხდება მათი შემდგომი გადამისამართება ამერიკის და ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში”, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.