სააკაშვილის ადვოკატი ამბობს, რომ „მაგნიტსკის სიაში“ ამ ეტაპზე 15 ადამიანია შეყვანილი

პუბლიკა

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე ამბობს, რომ „მანისტკის სიის“ ქართულ ანალოგზე მუშაობა გრძელდება. მისი თქმით, ამ ეტაპზე სიაში თხუთმეტი ადამიანია შეყვანილი.

შალვა ხაჭაპურიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ სიას გაეცნო მიხეილ სააკაშვილი და ახლა სია ამერიკელ ადვოკატთან უნდა გაიგზავნოს. მან ასევე აღნიშნა, რომ სიაში ძირითადად ექიმები და მიხეილ სააკაშვილის საქმეზე მომუშავე სხვა ადამიანები  მოხვდნენ.

„სააკაშვილის პოზიცია, გუშინ ყოველ შემთხვევაში, ჩვენ რაც ვისაუბრეთ, იყო ის რომ პოლიტიკოსები არ უნდა მოხვდნენ, იმიტომ კი არა, რომ პოლიტიკოსი ხელშეუხებელია ან ასე შემდეგ, არამედ უფრო მეტი ეფექტისთვის.  ამერიკელების და უცხოელების ჯგუფის, ვინც მუშაობს, პოზიციაა, რომ პოლიტიკოსები შესაძლებელია იყვნენ ამ სიაში, მუშაობა მიდის“, – თქვა შალვა ხაჭაპურიძემ მედიასთან.

სიაში არსებული ადამიანების ვინაობა სრულად საჯარო ჯერჯერობით არაა. თუმცა, ადვოკატმა თქვა, რომ არსებულ ვარიანტში შედის ნინო გოგორიშვილი, რომელიც გორის სამხედრო ჰოსპიტალში მიხეილ სააკაშვილის მკურნალი ექიმი იყო. როგორც ის ამბობს, მათი მტკიცებულებების მიხედვით, ნინო გოგორიშვილმა, „ფორმა 100-ის” გარეშე გამოწერა და დამალა გარკვეული სამედიცინო დოკუმენტაცია.

ამ ინფორმაციაზე კომენტარი გააკეთა გორის სამხედრო ჰოსპიტალში მიხეილ სააკაშვილის მკურნალმა ექიმმა, ნინო გოგორიშვილმა. ის ამბობს, რომ ბრალდებები უსაფუძვლოა და მიხეილ სააკაშვილის მკურნალობა, სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოება, მისი გაწერა, წარმოებდა საქართველოს კანონმდებლობის სრული დაცვით.


„მაგნისტკის აქტი“ არის დოკუმენტი, რომელიც სხვადასხვა დროს სხვადასხვა ქვეყანას აქვს მიღებული, მათ შორის, ის 2012 წელს აშშ-ის კონგრესმა დაამტკიცა. „მაგნიტსკის აქტი“ ეკონომიკურ და სავიზო სანქციებს ითვალისწინებს იმ პირების მიმართ, ვისაც კავშირი აქვს კორუფციასთან და ადამიანის უფლებების დარღვევასთან.

„მაგნიტსკის აქტი“ იურისტის სერგეი მაგნიტსკის საქმის აღსანიშნავად დაერქვა. სერგეი მაგნიტსკი რუსეთში ცხოვრობდა. ის სახელმწიფო კორუფციას იძიებდა. მაგნიტსკი დააპატიმრეს და ჯერ კიდევ ერთწლიანი წინასწარი პატიმრობის ამოწურვამდე მოსკოვის ციხეში გარდაცვლილი იპოვეს. როგორც მედია წერდა, მას წამების კვალი აღენიშნებოდა. მაგნიტსკის მკვლელობისთვის ბრალი არავისთვის წაუყენებიათ. ამ საქმეს ფართო საერთაშორისო რეზონანსი მოჰყვა.