სააკაშვილის ბიბლიოთეკაში ცეცხლის გაჩენის ფაქტზე ჯერ არავინ დაუკავებიათ

პუბლიკა

სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს, როგორ უკიდებს უცხო პირი პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ბიბლიოთეკის შენობას ცეცხლს. „პუბლიკა“ შს სამინისტროს დაუკავშირდა. უწყებაში ამბობენ, რომ საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს. შესაძლო დამნაშავის დაკავებაზე დასმულ შეკითხვას კი პასუხობენ, რომ საქმის მიმდინარეობაზე უწყება საზოგადოებას ინფორმაციას მოგვიანებით მიაწვდის.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას ცეცხლის წაკიდებით, აფეთქებით ან სხვა საყოველთაოდ საშიში საშუალებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

თბილისში, კოსტავას ქუჩაზე მიხეილ სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში ხანძარი შუადღეს გაჩნდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლის განცხადებით, ხანძრის მიზეზი უცნობია. დამწვარია დაახლოებით 15 კვ. მ ფართი.