სააპელაციო სასამართლო ჭიათურაში დაკავებულების საქმის განხილვას იწყებს

პუბლიკა

დღეს, 5 მაისს, ქუთაისის სააპელაციო სასამართლო ჭიათურის პროტესტის 4 მონაწილის საქმის განხილვას იწყებს.

2026 წლის 20 იანვარს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, თამარ მაზანაშვილმა ჭიათურელები დამნაშავედ ცნო და გიორგი ნეფარიძესა და მერაბ სარალიძეს 6 წელი და 3 თვე, ხოლო არჩილ ჭუმბურიძესა და თენგიზ გველესიანს 4 წელი და 3 თვე მიუსაჯა.

ჭიათურის პროტესტის მონაწილეები 2025 წლის 28 აპრილს შუქრუთის მაღაროს დირექტორთან მომხდარ ინციდენტზე დააკავეს.

პროკურატურის მტკიცებით, გიორგი ნეფარიძე, მერაბ სარალიძე, არჩილ ჭუმბურიძე და თენგიზ გველესიანი შუქრუთის მაღაროს დირექტორს, თენგიზ კობერიძეს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ და სხეულის სხვადასხვა არეში დაზიანება მიაყენეს, კერძოდ, დააორგანიზეს ჯგუფური ძალადობა, გადაუკეტეს გზა შუქრუთის მაღაროს დირექტორის  ავტომობილს და მანქანიდან გადმოსვლის შემდეგ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

გამოძიება სარალიძესა და ნეფარიძეს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას და მონაწილეობას, ხოლო ჭუმბურიძე-გველესიანს ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებოდა.

ორგანიზაცია „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“, რომელიც მერაბ სარალიძის უფლებებს იცავს, წერს, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოში საქმის განხილვის დროს როგორც პროკურატურის, აგრეთვე დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი და გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ:

1) მსჯავრდადებულებს არ გადაუკეტავთ გზა დაზარალებულად ცნობილი პირის ავტომობილისთვის. გზა არსებული ბუნებრივი პირობებისა და ავტომობილების სიმრავლის გამო ჩაიხერგა;

2) მსჯავრდადებულ მერაბ სარალიძეს რაიმე გავლენა გზის ჩახერგვაზე არ ჰქონია და ადგილზე მყოფი პირებისთვის რაიმე მითითებები არ მიუცია;

3) დაზარალებულად ცნობილი პირისთვის უცნობი იყო, ვინ იძალადა მასზე ფიზიკურად. კერძოდ, სასამართლოში მოწმედ დაკითხულმა სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ექიმმა, რომელსაც პირველი შეხება ჰქონდა დაზარალებულთან, აღნიშნა, რომ დაზარალებულმა მასთან საუბრისას აღნიშნა, რომ მას არ დაუნახავს, ვინ ურტყამდა სხეულის სხვადასხვა არეში;

4) ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მოწმეთა ჩვენებებით დადასტურდა, რომ მოწმეთა ნაწილს არ შეეძლო ბრალდებულების ამოცნობა და მნიშვნელოვანი საპროცესო მოქმედებები ჩატარებული იყო საპროცესო კანონმდებლობის დარღვევით.

„აღნიშნულის მიუხედავად, მოსამართლემ პირველი ინსტანციის სასამართლოში არსებითი განხილვის დროს დაკითხული როგორც დაცვის, ისე ბრალდების მხარის მოწმეთა ჩვენებები არასათანადოდ, მიკერძოებულად და მანიპულაციურად შეაფასა და განაჩენი ამ სახის მტკიცებულებებს დააფუძნა.

დაცვის მხარის მოწმეთა ჩვენებები ავტომატურად სანდოდ არ მიიჩნია იმ საფუძვლით, რომ ისინი ბრალდებულების თანამშრომლები, ნაცნობები არიან და განმარტა, რომ მათი ჩვენება ბრალდებულისთვის უკეთესი სამართლებრივი შედეგის მიღების სურვილს ემსახურება, მაშინ როდესაც იგივე სტანდარტი არ გამოუყენებია ბრალდების მოწმეებთან. კერძოდ, საერთოდ არ უმსჯელია ბრალდების მხარის მოწმეთა დაინტერესებაზე, ურთიერთობასა და დამოკიდებულებაზე დაზარალებულთან, მით უფრო, იმ ფონზე, რომ განაჩენი სწორედ მაღაროს დირექტორისა და მისი თანამშრომლების მკვეთრად ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენებებს ეფუძნება“, – წერს SJC.

ორგანიზაციას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის განაჩენი უსამართლო და დაუსაბუთებელია, ვინაიდან საქმეში არ მოიპოვება ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა მერაბ სარალიძის მხრიდან განხორციელებული ჯგუფური ძალადობის ორგანიზების ფაქტს.

„2025 წლის 28 აპრილს მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებაში არ მონაწილეობდა მერაბ სარალიძე, იგი არც წარმართავდა, არც ხელმძღვანელობდა და არც რაიმე მითითებებს გასცემდა ინციდენტის დროს“, – წერს ორგანიზაცია.