სააპელაციომ ძალაში დატოვა გამოსაცდელ ვადაში პირის უკანონოდ გათავისუფლებაზე გადაწყვეტილება - პროფკავშირები

პუბლიკა

„გაერთიანებული პროფკავშირების” ინფორმაციით, თბილისის სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა კომპანია ,,მოპედ დეპოს“ სააპელაციო საჩივარი. კომპანია მოითხოვდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებას, რის მიხედვითაც, სასამართლომ მოსარჩელე სალომე ვაშაკაშვილის გამოსაცდელ ვადაში გათავისუფლება უკანონოდ ცნო და მოპასუხეს დააკისრა 9 თვის დარიცხული  ხელფასის კომპენსაცია.

შესაბამისად, ვინაიდან სააპელაციო სასამართლო არ დააკმაყოფილა კომპანიის საჩივარი, ძალაში დარჩა პირველი ინსტანციის გადაწვეტილება.

„კერძოდ, საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბათილად იქნა ცნობილი ბრძანება დასაქმებულის გამოსაცდელ ვადაში გათავისუფლებასთან დაკავშირებით და კომპანიას დააკისრა კომპენსაციის გადახდა, რაც დაახლოებით შეადგენს 30 000 ლარს.

„ხშირად დასაქმებულები თვლიან, რომ გამოსაცდელ ვადაში დამსაქმებელს შეუძლია უმიზეზოდ გაგათავისუფლოს სამსახურიდან. აღნიშნული სასამართლო ქეისი მნიშვნელოვანი იმიტომაა, რომ სასამართლომ დაადგინა – გამოსაცდელ ვადაში დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლება მოხდა უკანონოდ და გათავისუფლებას სჭირდება შესაბამისი დასაბუთება.

დასაქმებულის ინტერესებს სასამართლოში პროფკავშირების გაერთიანების იურისტი სერგო მახარაძე წარმოადგენდა”, – ნათქვამია განცხადებაში.