საბაბსაც კი არ დავტოვებთ, რომ ვინმემ დაბლოკოს ჩვენთვის სტატუსის მინიჭება - კობახიძე

პუბლიკა

„რეალობა არის ის, რომ პრინციპულად შევასრულეთ 12-ვე პუნქტი. საბოლოო ჯამში, საბაბსაც კი არ დავტოვებთ იმისთვის, რომ ვიღაცამ დაბლოკოს ჩვენთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება“, – უთხრა „ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.

მისი თქმით, ხვალ იქნება დეტალური პრეზენტაცია იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ შესრულდა 12 პუნქტი.

„იქ დეტალურად გავაცნობ საზოგადოებას და მედიას ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, თუ რა არის დღევანდელი მდგომარეობა. რეალობა არის ის, რომ პრინციპულად შევასრულეთ 12-ვე პუნქტი, რჩება გარკვეული საკითხები, რაზეც, მათ შორის, ევროკომისარი საუბრობდა, ამაზეც გვექნება დეტალური განმარტება. საბოლოო ჯამში, საბაბსაც კი არ დავტოვებთ იმისთვის, რომ ვიღაცამ დაბლოკოს ჩვენთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება. შეიძლება არიან ძალები, მათ შორის ქვეყნის შიგნით ვიცით,  რომელთაც არ სურთ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება, მაგრამ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ევროპულმა საბჭომ დადებითი გადაწყვეტილება მიიღოს ჩვენი ქვეყნისთვის“, – თქვა მან.

სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის განცხადებით, საქართველომ ამ დროისთვის სრულად მხოლოდ 3 რეკომენდაცია შეასრულა, 7-ზე გარკვეულ პროგრესს მიაღწია, 1-ზე – მცირეს, 1 კი საერთოდ ვერ შესრულდა.