სადამკვირვებლო მისია ყველა აქტორს კონსტრუქციული დიალოგისკენ მოუწოდებს

პუბლიკა

9 ნოემბერს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებმა განცხადება გამოაქვეყნეს, სადაც მოუწოდებენ საპროტესტო აქციის მონაწილეებს, რომ თავი შეიკავონ ძალადობისგან, საქართველოს ხელისუფლებას კი მოუწოდებენ, პატივი სცეს შეკრებისა და გამოხატვის ფუნდამენტურ თავისუფლებებს.

„სანამ ვიმეორებ, რომ 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები იყო კონკურენტული და მთლიანობაში ფუნდამენტური თავისუფლება დაცული იყო, შეშფოთებით ვადევნებ თვალს საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქციებს“ – აცხადებს ეუთოს სპეციალური კოორდინატორი და ეუთოს მოკლევადიანი საარჩევნო მისიის ხელმძღვანელი ელონა გებრეა ხოჯა და დასძენს „მივესალმები ადამიანების მიერ გამოხატვის თავისუფლების უფლებს გამოყენებას, თუმცა ძალადობრივი ქმედებები მისაღები ვერ იქნება. მოგიწოდებთ, მშვიდობიანად გამოხატოთ პროტესტი. ამავე დროს, პოლიცია ვალდებულია, თავშეკავება გამოიჩინოს დემონსტრანტებისადმი, მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლებამ მოუსმინოს მომიტინგეების ხმას და პატივი სცეს ფუნდამენტურ თავისუფლებებს“.

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ხელმძღვანელი პია კაუმა ყველა აქტორს მოუწოდებს კონსტრუქციული დიალოგისკენ, რათა დაძლიონ ამჟამინდელი პოლარიზაცია, ერთად იმუშაონ სტაბილური პოლიტიკური ჩარჩოსათვის და ყურადღება მიაქციონ საერთაშორისო პარტნიორების გზავნილებს.

„მსურს, გამოვხატო მხარდჭერა ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიმართ სავარაუდო საარჩევნო დარღვევების მოგვარების საქმეში ყოვლისმომცველი პროცესის განხორციელებისთვის“, – აცხადებს პია კაუმა.

გენერალურმა მდივანმა რობერტო მონტელამ ასევე განაცხადა, რომ ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში საქართველოში ჩატარებული არჩევნების დაკვირვებისა და ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების გაცნობის ფონზე, „დარწმუნებული ვარ, რომ ყველა დაინტერესებული მხარე მაქსიმალურად შეიკავებს თავს და გამოავლენს პასუხისმგებლობას და ერთგულებას საერთო საქმის მიმართ, ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტების შექმნისა და საზოგადოების ნდობის გაძლიერების მიზნით“.

ეუთოს სადამკვირვებლო მისია ასევე აღნიშნავს, რომ 31 ოქტომბერს არჩევნების ტექნიკური ასპექტები ეფექტურად იყო მართული, მიუხედავად covid-19-ის პანდემიის გამოწვევებისა, თუმცა მმართველი პარტიის დომინირებამ საარჩევნო კომისიებში უარყოფითად იმოქმედა კომისიის მიუკერძოებლებისა და დამოუკიებლობის აღქმაზე, განსაკუთრებით კი ქვედა დონეებზე.

LB loan image desktop LB loan image mobile