საერთოდ რა ხდება ვერ გავიგე, მოლაპარაკების ეს სტილი არ მესმის - მეგრელიშვილი

პუბლიკა

დღეს თითქმის 10-საათიანი მოლაპარაკება ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის უშედეგოდ დასრულდა. მედიატორმა კრისტიან დანიელსონმა განაცხადა, რომ ის საქართველოს ტოვებს. შეხვედრის შემდეგ „გირჩის“ ლიდერმა ვახტანგ მეგრელიშვილმა განაცხადა, რომ ის არ იზიარებს მოლაპარაკების საკითხების საიდუმლოდ დატოვებას, თუმცა ამაზე კონსესუსი შედგა და იძულებულია თავი აარიდოს.

მეგრელიშვილის თქმით, თავად გამოუცდელი პოლიტიკოსია და სჯეროდა სხვების მოსაზრების, რომ წარმატებისთვის არ იყო საჭირო თემების საჯაროდ განხილვა, თუმცა მოლაპარაკება წარმატებულად მაინც ვერ დასრულდა.

„მე ძალიან არ მომწონს ამ პუნქტების საიდუმლოდ დატოვება. ეს არის ჩემი ერთადერთი პრობლემა, მე ვარ შეზღუდული, რომ ვისაუბრო. აზრი არ აქვს, ასე გელაპარაკებით დიდი ხანია და ახლაც არის კონსესუსი, რომ არ გელაპარაკოთ. მე პირველად ვარ ასეთი ტიპის მოლაპარაკებაზე, შეიძლება იმიტომ ვარ უცხო ამ ტიპის გარემოსთვის.

მე არ მესმის, საერთოდ აქ რა ხდება, ფიზიკურად არ მესმის. მათ შორის, მოლაპარაკების ეს სტილი არ მესმის. მეგონა, რომ მე ვარ არაკომპეტენტური და ეს ხალხი არის ძალიან კომპეტენტური. იმედი მქონდა, რომ მე ვცდებოდი და საბოლოო ჯამში, რაღაც შედეგი დადგებოდა. ახლა რომ დავრწმუნდი, შედეგი არ დადგა, ველოდები რაიმე უფლებას, რომ კონკრეტულ საკითხებზე შესაძლებელი იყოს საუბრის დაწყება.

მე მომწონდა, იყო იქ პუნქტები, რომელიც მომწონდა. მიმაჩნდა, რომ შესაძლებელია ის გამხდარიყო კონსესუსის თემა, თუ ის საჯაროდ იქნებოდა განხილული და საჯარო წნეხი იქნებოდა იმ პოლიტიკოსებზე, რომლებიც აგდებულად ეკიდებოდნენ ზოგიერთ პუნქტს. მე მაქვს განსხვავებული მოსაზრება, მაგრამ ამ განსხვავებული მოსაზრების არტიკულირების უფლება მე ჯერ არ მაქვს და არ ვიცი, როგორ წყდება ეს ამ ქვეყანაში. მე ორივე მხარეს ვგულისხმობ, ვერც ერთი მხარისგან ვერაფერი გავიგე“, – თქვა მეგრელიშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.