საგარეო: უკრაინა ვერ ხედავს საფრთხეს საქართველოში უკრაინის მოქალაქეების ყოფნასთან დაკავშირებით

პუბლიკა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოში უკრაინის მოქალაქეების ყოფნასთან დაკავშირებით საფრთხეს ვერ ხედავს.

უწყებამ განცხადება მას შემდეგ გაავრცელა, რაც უკრაინაში საქართველოს ელჩი გიორგი ზაქარაშვილი უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს ევგენი პერებიინისს შეხვდა.

„შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს საქართველო-უკრაინის ორმხრივი ურთიერთობის მიმდინარე საკითხებზე, ქართული მხარის მიერ კიდევ ერთხელ დაფიქსირდა საქართველოს მხარდაჭერა და სოლიდარობა უკრაინის მიმართ. უკრაინულმა მხარემ მადლიერება გამოხატა საქართველოს მიმართ, როგორც პოლიტიკური მხარდაჭერის, ასევე ომის პერიოდში გაწეული მნიშვნელოვანი ჰუმანიტარული დახმარებისთვის. მათ შორის უკრაინის მხრიდან გამოითქვა მადლიერება უკრაინელი ლტოლვილების მიღებასთან დაკავშირებით. აღინიშნა, რომ უკრაინა და უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო მადლობელია ქართული მხარის მიმართ, უკრაინის მოქალაქეების საქართველოში მიღებისა და მათი დახმარებისთვის და საქართველოში უკრაინის მოქალაქეების ყოფნასთან დაკავშირებით ვერანაირ საფრთხეს ვერ ხედავს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.


საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა, ანდრეი კასიანოვმა „ევოპეისკი პრავდასთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ უკრაინის საელჩო საქართველოში არ გამორიცხავს უკრაინის მოქალაქეების ევაკუაციის შესაძლებლობას იმ შემთხვევაში, თუ მათ საფრთხე დაემუქრებათ საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის აღდგენისა და რუსების მასიური ნაკადის შემოსვლის შემდეგ.