საგარეოს მტკიცებით, პრეზიდენტისთვის მიუღებელი სკამების განლაგება აღმოჩნდა

პუბლიკა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ეხმიანება პრეზიდენტ ზურაბიშვილის განცხადებას.

მათ თქმით, ელჩების ყოველწლიურ კონფერენციაზე, ტრადიციულად გათვალისწინებულია ხელისუფლების უმაღლესი შტოს წარმომადგენელთა გამოსვლები. მიმდინარე წლის ამბასადორიალზეც განსაზღვრული იყო საქართველოს პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრის და პარლამენტის თავმჯდომარის მიმართვები.

„მაღალი რანგის სტუმრებისთვის ღონისძიებაზე განსაზღვრული იყო 4 ცენტრალური ადგილი, რა დროსაც, პროტოკოლით გათვალისწინებულ იქნა პრეზიდენტის კონსტიტუციური თანამდებობა და პრეზიდენტის ადგილი გამოყოფილი იყო ცენტრალურ სკამზე, პრეზიდენტის მარცხნივ გათვალისწინებული იყო საქართველოს პრემიერ მინისტრის, ხოლო მარჯვნივ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ადგილი.

პროტოკოლური განლაგების აღნიშნული წესი აღიარებულია მსოფლიოში და სამწუხაროა რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციისთვის მიცემული განლაგება მიუღებელი აღმოჩნდა” – ვკითხულობთ საგარეოს განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ „ელჩების კონფერენცია 2022-ს“ არ დაესწრო.

პრეზიდენტის პრესსამსახურმა განმარტა, რომ ღონისძიებაზე დაუსწრებლობის მიზეზი პროტოკოლური დარღვევა გახდა:

„პრეზიდენტი დღეს დაგეგმილ „ელჩების კონფერენციას“ არ დაესწრო, რადგან პროტოკოლმა პრეზიდენტს მისთვის პროტოკოლის წესით განკუთვნილი ადგილი არ დაუთმო, რაც პროტოკოლური დარღვევაა“, – თქვა პრეზიდენტის პრესსამსახურის წარმომადგენელმა. ადმინისტრაციის შეფასებით, ეს დიპლომატიური პროტოკოლის უხეში დარღვევაა.