საია: „ფორმულასთან“ დაკავშირებით სასამართლოს გადაწყვეტილება SLAPP პრეცედენტია

პუბლიკა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) შეფასებით, „ფორმულას“ წინააღმდეგ გოგა ხაინდრავას სარჩელზე მიღებული გადაწყვეტილება და პარალელურად პროკურატურაში დაწყებული გამოძიება მედიის დამოუკიდებლობისა და გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ მიმართული სერიოზული საფრთხეა.

ორგანიზაციის განცხადებით, ასეთი სამართლებრივი ბერკეტების გამოყენება დამოუკიდებელი და კრიტიკული მედიის წინააღმდეგ, პრესაზე ზეწოლის ინსტრუმენტია და უშუალოდ უკავშირდება SLAPP (სტრატეგიული სამართალწარმოება სამოქალაქო ჩართულობის წინააღმდეგ) პრაქტიკას.

მათივე თქმით, მსგავსი მექანიზმების არაკეთილსინდისიერად გამოყენების უმთავრესი მიზანი არა სამართლიანობის მიღწევა, არამედ კრიტიკულად განწყობილი პირების გაჩუმება და დაშინებაა.

საია მიმოიხილავს იმ ინდიკატორებს, რომლის მიხედვითაც აღნიშნული პრეცედენტი SLAPP-ად შეიძლება შეფასდეს. 

„ევროპის საბჭოს, გაერთიანებული სამეფოს Anti-SLAPP Coalition-ისა და იურისტთა რეგულირების ორგანოს (SRA) შეფასებით, SLAPP-ის იდენტიფიცირებისთვის გამოიყენება რამდენიმე ძირითადი ინდიკატორი:

ძალთა დისბალანსი – მიუხედავად იმისა, რომ დავა სამოქალაქო ხასიათისაა, ამასთანავე, პარალელურად დაწყებულია სისხლის სამართლის გამოძიებაც.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება პროკურატურისთვის დამატებითი საფუძველი შეიძლება გახდეს საქმის სისხლისსამართლებრივი დევნის მიმართულებით განვითარებისთვის, რაც მნიშვნელოვნად აძლიერებს მედიაზე ზეწოლას და ქმნის მსუსხავ ეფექტს გამოხატვის თავისუფლებაზე.

● უსაფუძვლო ან გაზვიადებული პრეტენზიები – სადავოა, სამართლებრივი თვალსაზრისით, მომჩივნის მიერ წარდგენილი სარჩელი რამდენად აკმაყოფილებს იმ სტანდარტს, რომელიც აუცილებელია ცილისწამების საფუძვლით მოთხოვნის დაკმაყოფილებისთვის.

● სასამართლო პროცესის, კანონების ან საპროცესო წესების ინსტრუმენტალიზაცია/ბოროტად გამოყენება – თბილისის საქალაქო სასამართლომ ტელეკომპანია „ფორმულას“ 10 000 ლარის ოდენობით მორალური ზიანის ანაზღაურება დააკისრა. ქართული პრაქტიკის გათვალისწინებით, მსგავსი ფინანსური სანქციები ხშირად გამოიყენება კრიტიკული მედიის ფინანსური დასუსტებისა და შეზღუდვის საშუალებად. ამასთან, საყურადღებოა, რომ, ზოგადად, საქართველოს რეალობაში, საერთო სასამართლოები მომეტებულ ინტერესს იჩენენ ასეთი სარჩელების მიმართ და არაორდინალურად სწრაფად, შემჭიდროებულ ვადებში იხილავენ მათ.

იმის გათვალისწინებით, რომ ტელეკომპანია ფორმულას არაერთხელ განუცხადებია ფინანსური პრობლემების შესახებ, ეს კიდევ უფრო რეპრესიულს ხდის სასამართლოს მიერ დაკისრებულ 10’000 ლარის ოდენობის ზიანის ანაზღაურებას, განსაკუთრებით, როდესაც ადამიანის უფლებების უმწვავეს კრიზისში რეპრესიების სამიზნე სწორედ გამოხატვის თავისუფლებაა.

ერთი და იმავე ფაქტისა თუ საკითხის საფუძველზე რამდენიმე და კოორდინირებული სამართალწარმოება – “ფორმულას” წინააღმდეგ ერთდროულად და ერთმანეთის პარალელურად ხდება ორი განსხვავებული სამართლებრივი მექანიზმის გამოყენება – სამოქალაქო დავა პატივისა და ღირსების შელახვის საფუძვლით და, სისხლის სამართლის გამოძიება „ცრუ დასმენის“ მუხლით, რომელთან დაკავშირებითაც საიამ ასევე გააკეთა განცხადება. ასეთი მრავალმხრივი სამართლებრივი ზეწოლა დამახასიათებელია SLAPP-ისთვის, რადგან მისი მიზანია კრიტიკული მედიის ფინანსური და პროფესიული რესურსების გამოფიტვა და დაშინება.

● სამიზნეა პუბლიკია, რომელიც საზოგადოებრივი მნიშვნელობის საკითხს უკავშირდება – მოსარჩელემ სადავო გახადა ტელეკომპანია „ფორმულას“ მიერ მომზადებული ჟურნალისტური სიუჟეტი, რომლის თანახმადაც, საუბარია სუს-თან შეთანხმებით უცხო ქვეყნის მოქალაქეების საქართველოში შესაძლო არაკანონიერ შემოყვანაზე. ეს საკითხი, თავისი შინაარსის გათვალისწინებით, ეხება სახელმწიფო უსაფრთხოებას, სახელმწიფო უწყებების საქმიანობასა და მიგრაციის პოლიტიკას, შესაბამისად, წარმოადგენს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე თემას.

ზემოაღნიშნული ინდიკატორების გათვალისწინებით, ნათელია, რომ ტელეკომპანია „ფორმულას“ წინააღმდეგ მიმდინარე დავა, როგორც სამოქალაქო, ისე სისხლისსამართლებრივი მიმართულებით, ატარებს SLAPP-ის მკაფიო ნიშნებს. საერთაშორისო აქტორების, მათ შორის ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის (CPJ) და ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების, შეფასებებიც ადასტურებს, რომ მსგავსი საქმეები არ წარმოადგენს იზოლირებულ შემთხვევებს, არამედ ეს არის მედიაგარემოზე ფართომასშტაბიანი ზეწოლის ნაწილი.“, – წერს საია.