საინტერესოა, დაწერს თუ არა პოზნერი თავის ბრძნულ სვეტს - „როგორ ხვდებიან პროპაგანდისტებს“ - ნავალნის პრესსპიკერი

პუბლიკა

საქართველოში რუსი ჟურნალისტის, ვლადიმერ პოზნერის ჩამოსვლასთან დაკავშირებულ მოვლენებს რუსი ოპოზიონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის პრესსპიკერი, კირა იარმიში გამოეხმაურა.

„საინტერესოა, დაწერს თუ არა პოზნერი თავის ვებგვერდზე რაიმე ბრძნულ, რესპექტაბელურ სვეტს, როგორც მას უყვარს, რომლის სათაურიც აუცილებლად დაიწყება „ი“-ზე. „იმის შესახებ, თუ როგორ ხვდებიან მატყუარა პროპაგანდისტებს“ ან „იმის შესახებ, როგორ გავრბოდი კუდამოძუებული“, – წერს კირა იარმიში Twitter-ზე.


რუსი ჟურნალისტი ვლადიმერ პოზნერი საქართველოში გუშინ დაბადების დღის აღსანიშნავად ჩამოვიდა.

პოზნერის ჩამოსვლა გააპროტესტეს აქტივისტებმა და ოპოზიციის ლიდერებმა, რომლებმაც გუშინ საღამოსვე აქცია გამართეს სასტუმრო „ვინოტელთან“, სადაც ჟურნალისტი თავის სტუმრებთან ერთად ვახშამზე იმყოფებოდა.​

„ვინოტელი“პოზნერმა სტუმრებთან ერთად პოლიციის კორდონის საშუალებით დატოვა. ამის შემდეგ აქცია სასტუმრო „რუმს ჰოტელთან“ გაგრძელდა, სადაც ჟურნალისტი სტუმრებთან ერთად იყო დაბინავებული. აქციის მონაწილეებმა, სასტუმროს კვერცხები დაუშინეს.

მოგვიანებით, ვლადიმერ პოზნერმა რუსულ მედიასთან თქვა, რომ საქართველოში რამდენიმე დღით აპირებდა დარჩენას, მაგრამ ქვეყნის დატოვება ნაადრევად გადაწყვიტა. ის თანმხლებ პირებთან ერთად თბილისიდან დღეს დილით გაფრინდა.